უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური გამოსვლები დაასრულეს.
ნაკრების ყულაბას მორიგი მედალი ირაკლი ქავთარაშვილმა შემატა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ირანელი მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა.
სამწუხაროდ, კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხა ნიკოლოზ ზაალიშვილმა (100 კგ), რომელმაც თავისი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ფინალურ ბლოკში დათმო.
საერთო ჯამში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინდივიდუალურ დონეზე 3 მედალი მოიპოვა, ქავთარაშვილის გარდა, მესამე საპრიზო ადგილები თორნიკე გიგაურმა (66 კგ) და ლუკა ომანაძემ (60 კგ) დაიკავეს.
ტურნირი ამით არ სრულდება - 22 ნოემბერს ტაშკენტის ტატამი შერეულ გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა, სადაც საქართველოს ნაკრები მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.