უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე იუნიორ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანად დაიწყო.
ტურნირის პირველ დღეს ვაჟთა შორის მედლები ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ქართველმა სპორტსმენებმა ორივე მათგანში შეძლეს საპრიზო ადგილების დაკავება.
-60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ლუკა ომანაძემ მოიპოვა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ეგვიპტელ იასინ საბრაჰს იპონით სძლია. ფინალურ ბლოკამდე ომანაძემ ინდოელ და აზერბაიჯანელ მეტოქეებს მოუგო, მეოთხედფინალში ტაჯიკ ძიუდოისტთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში ბრაზილიელი ვინისიუს ოლივეირას ბარიერი წარმატებით დაძლია.
მეორე მედალი გუნდს -66 კგ წონით კატეგორიაში დაემატა, სადაც ფინალურ ბლოკში ქართული დერბი შედგა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში თორნიკე გიგაური და საბა საბაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გამარჯვება გიგაურს დარჩა, რომელმაც თანაგუნდელი იპონით დაამარცხა და მედლის მფლობელი გახდა.