ლიონელ მესი უკვე მსოფლიო ჩემპონატის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ახლა კი, მერვედფინალში ეგვიპტის წინააღმდეგ არგენტინის საოცარი ქამბექისა და გამარჯვების შემდეგ, მესი ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტიც გახდა.
მესის ანგარიშზე მსოფლიო ჩემპიონატებზე 21 გოლია, რაც ტურნირის ისტორიაში ერთი ფეხბურთელის მიერ დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.
ეგვიპტესთან შეხვედრაში მან მსოფლიო ჩემპიონატებზე კარიერაში მე-9 საგოლე გადაცემა შეასრულა და ამ მაჩვენებლით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა (ითვლება 1966 წლიდან).
წინა რეკორდი არგენტინის კიდევ ერთ ლეგენდას, დიეგო მარადონას ეკუთვნოდა, რომელსაც 8 საგოლე გადაცემა ჰქონდა შესრულებული.
მესიმ რეკორდი ატლანტას სტადიონზე, ეგვიპტის წინააღმდეგ გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში დაამყარა, რომელშიც არგენტინამ ჩამორჩენის აღმოფხვრა და გამარჯვება შეძლო.
მესიმ საჯარიმოში კრისტიან რომერო მოძებნა, ცენტრალურმა მცველმა კი ბურთი თავით გაიტანა და ანგარიში შეამცირა, იმ მომენტში არგენტინა 0:2 მარცხდებოდა.
83-ე წუთზე მესიმ გუნდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გოლი შემატა, როდესაც საჯარიმოდან ეფექტური დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა.
ეს მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე 21-ე, ხოლო მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი იყო. შედეგად, ის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
არგენტინამ ქამბექი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე დაასრულა, როდესაც ლაუტარო მარტინესის საგოლე გადაცემის შემდეგ ენცო ფერნანდესმა ბურთი თავით კარის მარჯვენა კუთხეში გადაგზავნა.
არგენტინამ 14 წუთში 3 გოლი გაიტანა და ეგვიპტეს შოკისმომგვრელი მარცხი აგემა.
მეოთხედფინალში არგენტინა კოლუმბიასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.