ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰოსამ ჰასანმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი „არგენტინისკენ არის მიმართული“, მას შემდეგ, რაც მერვედფინალურ შეხვედრაში მსაჯის რამდენიმე გადაწყვეტილებამ მისი აღშფოთება გამოიწვია.
ატლანტაში გამართულ დაძაბულ და დრამატულ შეხვედრაში არგენტინამ 0:2 ჩამორჩენა აღმოფხვრა და 3:2 გაიმარჯვა.
შედეგად, არგენტინელები მეოთხედფინალში კოლუმბიასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
თუმცა, ჰასანი მატჩის მიმდინარეობით უკიდურესად უკმაყოფილო დარჩა. მისი მტკიცებით, 1:0-ზე ეგვიპტეს VAR-ის შემოწმების შემდეგ მეორე გოლი უსამართლოდ გაუუქმეს, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მის გუნდს პენალტი უნდა მიეღო, ინციდენტიდან რამდენიმე წუთში კი ენცო ფერნანდესმა არგენტინის მესამე გოლი გაიტანა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჰასანმა მსაჯ ფრანსუა ლეტესიესა და არგენტინის ფეხბურთელების მისამართით კრიტიკა გამოთქვა:
„ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც პატივისცემა და ვერც სამართლიანი თამაში. ერთი პენალტი გაუქმდა, ხოლო მეორე ეპიზოდი, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ პენალტზე უნდა შემოწმებულიყო, VAR-ს საერთოდ არ განუხილავს. მეორე გოლი კი, გასაოცარია, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით გაუქმდა.
როგორც ჩანს, არგენტინული მხარე მსაჯზე ზეწოლას ახდენდა და სწორედ ამან გამოიწვია ასეთი შედეგი.
ცხოვრება უსამართლოა. მსოფლიო უსამართლოა.
კარგი, მაგრამ რატომ არ არსებობს სამართლიანობა სპორტში? მე არ ვეთანხმები ამ შედეგს და არც იმას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ამ მატჩში.
მსაჯი უსამართლოა. ღმერთი საკმარისია ჩემთვის და ის საუკეთესო განმგებელია. მან მთელი ერის შრომა წყალში ჩაყარა. თასი არგენტინისკენ არის მიმართული.“
ჰასანმა მატჩის განრიგიც გააკრიტიკა:
ვინც ამ მატჩებს გეგმავს, არის ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი არასდროს უთამაშია. საფეხბურთო მატჩს შუადღის 12 საათზე არ ნიშნავენ.
შეხვედრის დასრულებისთანავე კანადურ ტელეკომპანია TSN-თან საუბრისას ეგვიპტის ნაკრების გოლის ავტორმა მოსტაფა ზიკომ თარჯიმნის მეშვეობით განაცხადა:
მსაჯის მხრიდან ეს უსამართლობა იყო. ნამდვილად უსამართლობა იყო და ეს ძალიან ნათლად ჩანდა.
მან მთელი ჩვენი შრომა წყალში ჩაყარა თავისი გადაწყვეტილებებით. 2:0-ს ვიგებდით და ვერაფერს გავხდით, ყველაფერი ღმერთის ნებაზეა.
ბოდიშს ვუხდით ეგვიპტელ ხალხს. ძალიან ვწუხვარ. გვინდოდა, ყველა გაგვეხარებინა. ასე არ იყო განსაზღვრული. ყველაფერი მსაჯის ბრალია. ვულოცავ არგენტინას მეორე თასს.“
მოქმედმა ჩემპიონმა ბეწვის ხიდზე გაიარა - არგენტინის სასწაული ქამბექი