საფრანგეთის ქალაქ ანჟეში გამართულ ფიგურული ციგურაობის გრანპრის სერიის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა და ასპარეზობა სამი მედალით დაასრულა.
ტურნირის მთავარი გმირები სპორტულ წყვილებში მოასპარეზე ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გახდნენ.
მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობა ჩაიბარეს, ხოლო თავისუფალ პროგრამაში პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზე გამოავლინეს, ორი პროგრამის ჯამში 204.65 ქულა დააგროვეს და ოქროს მედლები დამსახურებულად მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების წარმატება ამით არ დასრულებულა. ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ორი ვერცხლის მედალი შემატეს აქტივს.
ანასტასია გუბანოვამ ორივე პროგრამაში სტაბილური გამოსვლით ტურნირის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სპორტულ ცეკვებში კი დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა მაღალი შეფასებები დაიმსახურა და საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.