ჩრდილოეთ ირლანდიასთან მინიმალური სხვაობით (0:1) წაგების შემდეგ, უკრაინის ეროვნული ნაკრების მცველმა, ილია ზაბარნიმ განვლილი შეხვედრა შეაფასა და საქართველოსთან მომავალ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ორივე ნაკრები უკიდურესად ცუდ ფორმაში ხვდება. უკრაინელებმა ზედიზედ 4 მატჩში ვერ მოახერხეს გამარჯვება (1 ფრე, 3 წაგება). კიდევ უფრო მძიმეა საქართველოს ნაკრების სტატისტიკა: 9 გადაბმული ოფიციალური შეხვედრა მოგების გარეშე (2 ფრე, 7 წაგება) და ანტირეკორდი ზედიზედ 5 მატჩი გატანილი გოლის გარეშე.
უკრაინელმა უკანახაზელმა C დივიზიონში გავარდნის რეალურ საფრთხეზე ისაუბრა და აღნიშნა:
რეალისტები უნდა ვიყოთ. შესაძლოა, C დივიზიონშიც ვითამაშოთ. მაგრამ თუ ეს არ გვინდა, საქართველოსთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ
მისი თქმით, მოედანზე მხოლოდ გამარჯვების სურვილი არ კმარა და გუნდს გაცილებით მეტი ხარისხი სჭირდება. ზაბარნიმ ასევე დასძინა, რომ შემდეგ მატჩში დადებითი შედეგის მისაღწევად ფეხბურთელებმა საკუთარ თავს მეტი უნდა მოთხოვონ და მეტი იმუშაონ.
მატჩი 17 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.