საქართველოს ეროვნული ნაკრების ირგვლივ შექმნილ რთულ ვითარებას (ზედიზედ 5 უგოლო მატჩი) საფეხბურთო სამყაროში აქტიურად განიხილავენ.
უნგრეთთან განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გადაცემა გადაცემაში სტუმრობისას ნაკრებში არსებული კრიზისი გააანალიზა.
მისი თქმით, ეს პრობლემები გუშინ არ დაწყებულა და გუნდს ევრო 2024-ის შემდეგ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური სირთულეები აშკარად ეტყობა:
მე ვხედავ, რომ ეროვნული გუნდის რამდენიმე წევრის ფიზიკური მზაობა სახარბიელო არ არის. მე-60 წუთიდან მომეჩვენა, რომ ნაკრების ფეხბურთელები დაღლილები და გამოფიტულები იყვნენ. უბრალოდ, ნაკრების ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთი ინტენსივობის მატჩების ჩატარება არ შეუძლია
ჭიაბრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრობლემა მიდგომაში არ არის და სტაფი მაქსიმალურად მუშაობს.
ჭიაბრიშვილმა მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ტაქტიკურ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა. მან დადებითად შეაფასა 4 მცველზე გადასვლა და მაღალი პრესინგი, თუმცა ჩაკვეტაძის შეცვლა არ მოეწონა. მიუხედავად ამისა, მან სვანაძე დაიცვა:
როდესაც სვანაძეს ვაკრიტიკებთ, რა უნდა ექნა, ვინ უნდა ეთამაშებინა? ეგოიანი? ირაკლის ერთადერთ პოზიციაზე, ჩაკვეტაძის ადგილზე ვხედავ და დღესდღეობით ამ ორ ფეხბურთელს ერთმანეთს ნამდვილად ვერ შევადარებ
მან ასევე აღნიშნა ლიდერების ფაქტორი:
ასეთ მატჩში სწორედ ერთი ფეხბურთელი წყვეტს მატჩის ბედს, რომელიც უნგრელებს ჰყავდათ [სობოსლაი], ჩვენც გვყავს, მაგრამ ტრავმირებულია. ხვიჩა კვარაცხელიას გარდა არ იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ჩემთვის ნახევარი გუნდია
ახლა მთავარია, გუნდმა ძალები იპოვოს 17 ნოემბრის გადამწყვეტი მატჩისთვის უკრაინასთან, სადაც საქართველოს B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.