მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მესამე დაპირისპირებას პროფესიონალი მოკრივე, WBA-ის, IBF-ის, WBO-სა და The Ring-ის ქამრების მფლობელი დმიტრი ბივოლი გამოეხმაურა.
ტიტულოვანი სპორტსმენის შეფასებით, ბრძოლა სანახაობრივი გამოვიდა და მან ზუსტად დაასახელა ის მომენტი, როცა რუს მებრძოლს კრივის უნარები დაეხმარა.
ბივოლის თქმით, მას ძალიან მოეწონა ქართველის ენერგიული და შემართებით სავსე დასაწყისი, თუმცა იანი ამ ყველაფერს ცივსისხლიანად და მშვიდად შეხვდა. მართალია, საწყის ეტაპზე ჩანდა, რომ დვალიშვილი იგებდა, მაგრამ მოკრივის დაკვირვებით, პიოტრი სიტუაციას აკონტროლებდა და უბრალოდ ითმენდა. ის მეტოქეს ფეხებში შესვლისა და ჭიდაობის საშუალებას აძლევდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო - მესამე რაუნდიდან ჭიდაობამ ეფექტურობა დაკარგა.
როგორც ჩემპიონი აღნიშნავს, მერაბი დაიღალა, რის შემდეგაც იანმა ზუსტი დარტყმების განხორციელება დაიწყო და კრივის ტექნიკა საუკეთესოდ გამოიყენა. ბივოლი მიიჩნევს, რომ დასკვნითი სამი რაუნდი რუსმა მებრძოლმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა.