მონცას მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა ლაციოსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ღიად ისაუბრა საბა გოგლიჩიძის მდგომარეობასა და იტალიურ კლუბში მის დებიუტზე.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გოგლიჩიძე უდინეზედან მონცას შეუერთდა, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მას ჯერ წუთი არ მიუღია.
ხორვატი სპეციალისტის თქმით, საქართველოს ნაკრებში ჩატარებულმა მატჩებმა საბას თავდაჯერებულობა მნიშვნელოვნად ამაღლა:
საბას ძალიან სჭირდებოდა ეს სანაკრებო შეკრება, რადგან სამ შეხვედრაში ითამაშა და ამ ორ ვარჯიშში ვნახე, რომ უფრო თავდაჯერებულია. ამიტომ, თამაშები სჭირდებოდა... მზადაა ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ, დანარჩენი ჩემი ტაქტიკური არჩევანია, რადგან ედი კუადო ახლა კარგად თამაშობს და გოგლიჩიძე მასთან შედარებით, ცოტა უკანაა, თუმცა მოვა მისი მომენტი, რადგან მომწონს და ვფიქრობ, კარგად თამაში შეუძლია.