მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სოსიედადთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ჟოზე მოურინიოს თქმით, კლუბში ბევრი რამ შეიცვალა და მუშაობა პრაქტიკულად ნულიდან იწყება:
ჩვენ ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ, თუმცა მთლად ნულიდანაც არა. არსებობს სურვილი, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და გუნდს მხარი დავუჭიროთ.
მწვრთნელმა განაცხადა:
არ მიყვარს ზარმაცობა, მომწონს ხალხი, რომელიც რეალისთვის თავდაუზოგავად მუშაობს. ამ დრომდე ზარმაცობა არ დამინახავს, ყველანი მაქსიმუმს აკეთებენ.
მოურინიომ ღიად დაუჭირა მხარი ვინისიუსს და აღნიშნა, რომ ბრაზილიელის მიმართ მოედანზე არასამართლიანი დამოკიდებულებაა:
საზოგადოების რეაქციის კონტროლი შესაძლებელია. ვინისიუსის ურთიერთობა მეტოქე გულშემატკივრებთან შეიძლება გაუმჯობესდეს. მაგრამ წიხლები, შეურაცხყოფა და აგრესია მსაჯის ბრალია.
სამართლიანობა უნდა აღდგეს. მსაჯმა უნდა დაიცვას ფეხბურთელები და თამაში. მოწინააღმდეგეებმა იციან, რომ მათ ამის უფლება აქვთ. თუ ვინის წინააღმდეგ წესებს არღვევენ, ყვითელი ბარათი მხოლოდ მე-10 ჯარიმის შემდეგ მოდის. ასეთი მოპყრობა არ მომწონს.
მოურინიომ აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როდესაც ფედე ვალვერდეს მარჯვენა მცველად ათამაშებენ. მისთვის ის ნახევარმცველია და ურუგვაელის სწორედ ამ პოზიციაზე გამოყენებას გეგმავს.
რაც შეეხება შემტევ ტრიოსა და ზოგადად კადრებს, ჟოზემ განაცხადა:
ყველაზე რთულია, როდესაც ტოპ-დონის ფეხბურთელები არ გყავს. ეს სხვა გუნდებში დამმართნია, მაგრამ აქ არა. მე სამივე მათგანი მჭირდება (მბაპე, ბელინგემი, ვინისიუსი).
პორტუგალიელმა სავარაუდო ტრანსფერებსა და ახალგაზრდა ფეხბურთელების ჯანმრთელობაზეც გააკეთა კომენტარი. მოურინიოს თქმით, სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და წინასწარ ვერასოდეს გეცოდინება რა მოხდება. ჟოზესთვის ბაზარი დახურულია. მას ურჩევნია, ამ შემადგენლობით დარჩეს ამ სეზონში.
ორელიან ჩუამენისა და ენდრიკზე მოურინიომ განაცხადა:
ჩუამენიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან იწვალა. რისკზე წავიდა. ნახევარფინალში ტრავმით ითამაშა. გადავწყვიტეთ, რომ სჯობს ის სეზონს 100%-იანი მზადყოფნით შეხვდეს, ამიტომ რამდენიმე კვირას დაველოდებით. ენდრიკს მყესის მიდამოებში მცირე პრობლემა აქვს, მაგრამ ეს უფრო სიფრთხილის ზომაა. ისაა ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. უამრავი შეთავაზება ჰქონდა სხვა კლუბებისგან, მაგრამ არ დავთმე.