იან დიომანდეს ტრანსფერი მადრიდის რეალში მხოლოდ დასაწყისია.
ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჟოზე მოურინიო გუნდში რადიკალურ ცვლილებებსა და დიდ წმენდას გეგმავს. ლაიფციგთან მოლაპარაკებები კოტ-დ'ივუარელ გარემარბზე დასკვნით ეტაპზეა და ის პორტუგალიელი სპეციალისტის მე-5 შენაძენი გახდება.
თუმცა, სიურპრიზები ამით არ სრულდება. კულუარებში აქტიურად საუბრობენ ესპანელი ნახევარმცველის, როდრის შესაძლო ტრანსფერზეც. მართალია, რეალი ინტერესს თავიდან კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ახლა კლუბის პოზიცია შედარებით შერბილდა: "სატრანსფერო ბაზარი სექტემბრამდე ღიაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს". პრობლემა ისაა, რომ ნახევარდაცვაში სერიოზული გადატვირთულობაა - ბერნარდუ სილვას დამატებისა და ჩუამენის კონტრაქტის გახანგრძლივების ფონზე, მოურინიოს სივრცის გათავისუფლება სჭირდება. დანი სებალიოსი გუნდიდან აუცილებლად უნდა წავიდეს.
მოურინიოს უფრო სწრაფი და პირდაპირი სტილი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებული შემადგენლობით კმაყოფილია, იდეალური ბალანსის საპოვნელად რადიკალურ ნაბიჯებს არ გამორიცხავს. დიომანდეს ტრანსფერის დახურვისთანავე, მთავარი სამიზნე ვინისიუს ჟუნიორის მომავალი გახდება! ბრაზილიელი მადრიდში უახლოეს დღეებში ბრუნდება და კლუბს მისი საკითხის სასწრაფოდ მოგვარება სურს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსებული კონტრაქტის გახანგრძლივება ხელმძღვანელობის გეგმებში არ შედის, რაც მის შესაძლო წასვლაზე მიანიშნებს.
სერიოზული კითხვებია სხვა მოთამაშეების მომავალზეც. კამავინგას და ბრაიმ დიასს დარჩენა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა ასენსიოს, გონსალოსა და მასტანტუონოს ბედი ჰაერშია გამოკიდებული. ცნობილი აგენტი ჟორჟე მენდეში ერთ-ერთი მცველისთვის ახალ კლუბს უკვე აქტიურად ეძებს, გონსალო და მასტანტუონო კი უახლოეს დღეებში მადრიდს დატოვებენ - ერთი იჯარით, მეორე კი სრულფასოვანი ტრანსფერით.