მადრიდის რეალის კულუარებში სერიოზული დაძაბულობაა! ბრაზილიელი ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის მომავალი სანტიაგო ბერნაბეუზე ბურუსითაა მოცული.
ფლორენტინო პერესმა სიტუაცია შეაფასა და მსურველებს მკაცრი ფინანსური ულტიმატუმი წაუყენა - ვინც ვინისიუსის ყიდვას გადაწყვეტს, მაგიდაზე 160 მილიონი ევრო უნდა დადოს.
სიტუაციას ყურადღებით აკვირდება ინგლისის პრემიერლიგის ახლადგამომცხვარი ჩემპიონი არსენალი. ლონდონელთა თავკაცს, მიკელ არტეტას, ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, გუნდში მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავის მიყვანა სურს. თუმცა, მეთოფეები ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას არ ჩქარობენ და ელოდებიან მკაფიო სიგნალს, რომ ბრაზილიელი მადრიდელებთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
პრობლემის მთავარი მიზეზი ფინანსებია. ვინისიუსის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა ბრაზილიელი ხელფასის გაზრდას და კილიან მბაპესთან გათანაბრებას ითხოვს. ეს მოთხოვნა რეალის სახელფასო სტრუქტურაში სერიოზულ ბზარს აჩენს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადამწყვეტ მოლაპარაკებებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამართავენ, თუმცა თუ პროგრესი არ იქნება, რეალი იძულებული გახდება ფეხბურთელი გაყიდოს, რათა მისი ფასი არ დაეცეს.
სატრანსფერო საგას კიდევ უფრო ართულებს ჟოზე მოურინიოს ფაქტორი! მადრიდელთა ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელი ვინისიუსის გაყიდვის სასტიკი წინააღმდეგია. პორტუგალიელ სპეციალისტს სურს, რომ გუნდის ბირთვი შეინარჩუნოს და შეტევაში მბაპე-ბელინგემი-ვინისიუსის სასიკვდილო ტრიო ათამაშოს. მოურინიოს ეს პოზიცია პირდაპირ ეჯახება კლუბის ხელმძღვანელობის პრაგმატულ ფინანსურ ხედვას.