ევროპული გრანდები განგაშის რეჟიმში არიან.
ვინისიუს ჟუნიორს მადრიდის რეალთან კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ 12 თვე რჩება და ესპანეთში ხელშეკრულების განახლებაზე სიახლეები არ ისმის. როგორც The Athletic წერს, პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი, ლონდონის არსენალი, 26 წლის ბრაზილიელის ემირეიტსზე გადმობარგების ვარიანტს აქტიურად განიხილავს.
მიკელ არტეტას შეტევის მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები აქვს. გაბრიელ მარტინელიმ და ლეანდრო ტროსარდმა (რომელიც უკვე თურქულ ბეშიქთაშში გაუშვეს) 2025-26 წლების სეზონში ჩემპიონისთვის შეუფერებლად ცოტა - ჯამში მხოლოდ 7 პრემიერლიგური გოლი გაიტანეს. მართალია, ლონდონელებმა ბერძენი ხრისტოს ცოლისი დაიმატეს, მაგრამ ტიტულის დასაცავად არსენალს მარცხენა ფლანგზე ვინისიუსის კალიბრის ნამდვილი სუპერვარსკვლავი სჭირდება, რათა გუნდის შეტევები ზედმეტად პროგნოზირებადი არ გახდეს.
ვინისიუსის უნარების შეხსენება ფეხბურთის ფანებს ნამდვილად არ სჭირდებათ. ლა ლიგის გასულ სეზონში ის 90 წუთში საშუალოდ 7.7-ჯერ მიდიოდა დრიბლინგზე (რაზეც უკეთესი შედეგი მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა). მიეცი მას მცირე სივრცე და მაშინვე დაგარტყამს, ჩაუკეტე გზა და თანაგუნდელს იპოვის!
ეს ტრანსფერი არტეტას ორ მთავარ ტაქტიკურ პრობლემას მოუგვარებს:
კონტრშეტევები: როცა მეტოქე წინ მოდის, ვინისიუსის სისწრაფე დამღუპველია. გაიხსენეთ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ბენფიკასთან მატჩი, როცა ფედერიკო ვალვერდეს პასის შემდეგ ბრაზილიელი მცველებს წამებში გაექცა და ანატოლი ტრუბინის კარი აიღო.
ჩამჯდარი დაცვის გარღვევა: შარშან ესპანიოლთან მატჩში (2:0), მიუხედავად იმისა, რომ წინ 8 მცველი ედგა, ვინიმ ჯუდ ბელინგემთან გათამაშებული იდეალური "კედლით" სივრცე მაინც იპოვა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
მისი დარტყმები წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადია. სტატისტიკის მიხედვით, მარცხენა ფლანგიდან შეტევისას, დარტყმების 20%-ს ის კარის ახლო კუთხეში უშვებს, 24%-ს კი - შორეულში. მეკარეებმა უბრალოდ არ იციან, რას იზამს ის შემდეგ წამს.

ამჟამად არსენალის შეტევების 42% მარჯვენა ფლანგზე (ოდეგორი, საკა, მადუეკე) მოდის. ვესტ ჰემის გარდა, პრემიერლიგაში ასეთი გადახრა არავის ჰქონია. მადრიდში კი პირიქითაა, შეტევების 43% ვინისიუსისა და მბაპეს მარცხენა ფლანგზე ნაწილდება. ბრაზილიელის ლონდონში ჩასვლა არტეტას დეკლან რაისთან ერთად მარცხენა ფლანგის ახალ, მომაკვდინებელ ტრიოს შეუქმნის და ბალანსს აღადგენს.
მაგრამ არის ერთი დიდი "მაგრამ"! არსენალის წარმატება რკინისებურ დაცვაზე დგას. ვინისიუსი კი დაცვაში დაბრუნებით თავს დიდად არ იკლავს, რათა შეტევისთვის ენერგია შეინარჩუნოს. მისი სტატისტიკა - 4 სუფთა ვარდნა და 1.5 ჩაჭრა 1000 შეხებაზე, საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. გაიხსენეთ ალავესთან ეპიზოდი, როცა ვინიმ და მბაპემ ანტონიო ბლანკოზე პრესინგი დააგვიანეს, რასაც გრძელი პასი და კარლოს ვისენტეს გოლი მოჰყვა. არტეტას, რომელიც ბურთის გარეშე ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს, ეს დეტალი ნამდვილად არ მოეწონება და ვინის პრემიერლიგაში საკუთარი ინტენსივობის შეცვლა მოუწევს.
თუმცა, ფაქტი ერთია - ბრაზილიელის შეტევითი პოტენციალი ნებისმიერ მინუსს ფარავს. თუ არსენალი ამ გარიგებას დახურავს, ეს არა მხოლოდ კლუბისთვის, არამედ მთელი პრემიერლიგისთვის ისტორიული ტრანსფერი იქნება!