ბარსელონას პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ჰანსი ფლიკის გუნდის თამაშით აღფრთოვანებულია.
ჩემპიონთა ლიგაზე გალათასარაისთან გასამართი მატჩის წინ მან განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი ამჟამად ევროპასა და მსოფლიოში საუკეთესო, ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს.
პრეზიდენტის თავდაჯერებულობას მყარი საფუძველი აქვს, ბარსელონას ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 მატჩი აქვს მოგებული. ფლიკის გუნდმა ამ დროში 39 გოლი გაიტანა და მხოლოდ 8 გაუშვა (საშუალოდ 4.3 გოლი თამაშში), ბოლო შეხვედრაში კი ხეტაფე 3:0 დაამარცხა. ლაპორტამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ფლიკისა და სპორტული დირექტორის, დეკოს წარმატებულ ტანდემს, რამაც გუნდის შიგნით იდეალური, კონკურენტუნარიანი ატმოსფერო შექმნა.
თუმცა, სტამბოლში ბარსელონას სერიოზული დანაკლისი ექნება. შეტევის ლიდერი რაფინია, რომელმაც 8 მატჩში უკვე 14 გოლი გაიტანა, გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
მიუხედავად ამისა, ისტორიული სტატისტიკა სრულად კატალონიელების მხარესაა, ბარსელონას თურქული კლუბების წინააღმდეგ სტუმრად ზედიზედ 4 თამაში აქვს მოგებული და ბოლო 9 შეხვედრაა მათთან არ დამარცხებულა. გალათასარაის კი ესპანურ გუნდებთან უმძიმესი სერია აქვს: ბოლო 22 მატჩიდან თურქებმა მხოლოდ 1 მოიგეს.