-
Aa
+
ფონტის ზომა
სულ მალე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მონატრებული ბურთი გაგორდება და თვეზე ცოტა მეტი დროით, მთელი პლანეტის ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღებაც მექსიკა-აშშ-კანადის სტადიონებისკენ იქნება მიმართული.
ამ სტატიაში გთავაზობთ მოკლე, მაგრამ საინტერესო სტატისტიკასა და მაჩვენებლებს მსოფლიოს კარს მომდგარ საფეხბურთო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებზე, ფეხბურთელებსა და მათ მწვრთნელებზე.
მოგეხსენებათ, მუნდიალზე 48 ქვეყნის ეროვნული ნაკრები იასპარეზებს, თითოეულ გუნდს კი ტურნირზე მაქსიმუმ 26 მოთამაშის გამოყვანა შეუძლია.
უკლებლივ ყველა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაასახელა შემადგენლობები, რომლებითაც სანუკვარი ოქროს თასისა და მედლებისთვის იბრძოლებენ. ფეხბურთელთა ამ სიებში კი არაერთი საინტერესო მონაცემი იმალება.
მაგალითად, წლევანდელი მუნდიალის ყველაზე ასაკოვანი ნაკრებები კოლუმბია, ირანი და პანამა არიან, რომელთა გუნდების საშუალო ასაკი 30 წელია. შემდეგ მოდიან ბრაზილია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეგვიპტე, პარაგვაი, ურუგვაი, ყატარი და შოტლანდია - საშუალო ასაკი 29 წელი.
ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები, რომლის ფეხბურთელთა საშუალო ასაკიც 25 წელია, კოტ დ’ივუარი გახლავთ.
ფეხბურთელებს შორის მუნდიალის ყველაზე ხანდაზმული მონაწილე შოტლანდიელი გოლკიპერი კრეიგ გორდონი იქნება. ედინბურგის „ჰარტსის“ კარის დარაჯი 43 წლისა და 162 დღისაა (იგულისხმება მუნდიალის დაწყების დღემდე). რაც შეეხება უშუალოდ მოედნის მოთამაშეს, ყველაზე ასაკოვანია 41 წლისა და 126 დღის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ.
17 წლისა და 240 დღის მექსიკელი შემტევი ნახევარმცველი ხილბერტო მორა მსოფლიო პირველობის ყველაზე მცირეწლოვანი მოთამაშეა. მის მერე ჩეხი შუახაზელი ჰუგო სოხურეკი მოდის, რომელსაც 7 ივნისს შეუსრულდა 18 წელი.
მწვრთნელებს შორის ყველაზე ხნიერია კურასაოს ნაკრების თავკაცი დიკ ადვოკაატი. გამოცდილი ჰოლანდიელი დამრიგებელი 27 სექტემბერს 79 წლის გახდება.
48 მთავარ მწვრთნელს შორის ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი იულიან ნაგელსმანია, რომელიც ივლისში 39 წლის შესრულდება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ მუნდიალზე მასზე უფროსი ასაკის 11 ფეხბურთელია სხვადასხვა ნაკრების განაცხადში, მათ შორის - ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: თავისივე თანამემამულე მანუელ ნოიერი, კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი, გილიერმო ოჩოა, იუტო ნაგატომო, ედინ ჯეკო და ფერნანდო მუსლერა.
მწვრთნელების რაოდენობით პირველადგილოსანი ქვეყანა არგენტინაა. მექსიკა-აშშ-კანადაში „ვერცხლის ქვეყნის“ მკვიდრ 6 სპეციალისტს ვიხილავთ, ესენი არიან: ლიონელ სკალონი (არგენტინა), მარსელო ბიელსა (ურუგვაი), სებასტიან ბეკასესე (ეკვადორი), გუსტავო ალფარო (პარაგვაი), ნესტორ ლორენსო (კოლუმბია) და მაურისიო პოჩეტინო (აშშ). შემდეგი პოზიცია საფრანგეთს უკავია 5 მწვრთნელით: დიდიე დეშანი (საფრანგეთი), რუდი გარსია (ბელგია), სებასტიან დესაბრი (კონგოს დემ. რეს.), სებასტიან მინიე (ჰაიტი) და საბრი ლამუში (ტუნისი), თუმცა ისიც სათქმელია, რომ ეს უკანასკნელი ისტორიულ სამშობლოს უდგას სათავეში - ლიონში დაბადებულ სპეციალისტს ორივე მშობელი ტუნისელი ჰყავს და ამ აფრიკული ქვეყნის მოქალაქეობასაც ფლობს.
ზედიზედ მეხუთე ტურნირზე იღებს მონაწილეობას კარლუშ კეიროში. განის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი პირველად სამშობლოს ეროვნული ნაკრების თავკაცის რანგში, 2010 წელს გაემგზავრა მუნდიალზე, 2014, 2018 და 2022 წლების გათამაშებებზე კი ირანს წვრთნიდა. ზედიზედ მეოთხე პირველობაზე წარმატების მიღწევას შეეცდება დიდიე დეშანი, რომელიც 48 კოლეგას შორის ერთადერთია, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონობა უზეიმია როგორც ფეხბურთელს, ასევე - როგორც მწვრთნელს. ფრანგის გარდა, სხვა სპეციალისტი, რომელსაც ფეხბურთელობისას ასევე აქვს აღმართული FIFA-ს მსოფლიო თასი, დებიუტანტი უზბეკეთის იტალიელი დამრიგებელი ფაბიო კანავაროა. მათ გარდა, მოთამაშის კარიერისას მუნდიალებზე ნამყოფები ესპანელი ხულენ ლოპეტეგი (ყატარი) და კოტ დ’ივუარელი ემერს ფაე (კოტ დ’ივუარი) არიან, შესაბამისად, 1994 და 2006 წლებში.
საინტერესოა მარსელო ბიელსას მაჩვენებელიც, „გიჟმაჟი“ წელს მესამე განსხვავებულ ნაკრებს დამოძღვრის მუნდიალზე, 2002 წლის არგენტინისა და 2010 წლის ჩილეს შემდეგ.
გამოსარჩევია ბოსნიელი სერგეი ბარბარეზის საქმიანობაც, რადგან იგი 48 მენეჯერიდან ერთადერთია, რომლისთვისაც მუნდიალზე მონაწილე ნაკრებში მუშაობა პირველი სამსახურია მწვრთნელის რანგში.
მაღალი თანხების თვლის მოყვარულთათვის კი დავძენ, რომ მუნდიალის მონაწილეებს შორის, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი კარლო ანჩელოტია - „სელესაოს“ მეექვსე ჩემპიონობაზე მეოცნებე ტიტულოვანი იტალიელის წლიური ჯამაგირი 11.3 მილიონი დოლარია. ამ მხრივ მეორეა იულიან ნაგელსმანი $7.9 მილიონით, მესამე კი - პოჩეტინო $6.8 მილიონით.
საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლობით, 2026 წლის მუნდიალზე „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს. ინგლისურ კლუბს ტურნირზე ყველაზე მეტი, 19 ფეხბურთელი ჰყავს წარგზავნილი, მის მერე რაოდენობებით კი მიუნხენის „ბაიერნი“ (17) და ბოლო ორი წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი „პარი სენ-ჟერმენი“ (16) იწონებენ თავს. 15-15 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონი კლუბები, ლონდონის „არსენალი“ და კატალონიური „ბარსელონა“. არაევროპულ კლუბებს შორის საამაყოდ აქვს საქმე აზიურ „ალ-ჰილალს“, რომლის კუთვნილებაში მყოფი 12 ფეხბურთელია მუნდიალისთვის სრულ მზადყოფნაში.
წლევანდელ ჩემპიონატზე ინგლისი პირველ საფეხურზეა საკუთარ ქვეყანაში მოასპარეზე ფეხბურთელების რაოდენობით: მუნდიალისთვის შერჩეულ 1248 ფეხბურთელს შორის 205 მოთამაშე ამ ქვეყნის საფეხბურთო პირამიდის კლუბებს წარმოადგენს, რაც მთლიან მონაწილეთა 16.47%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან გერმანია 108 ფეხბურთელით და 86-86 მოთამაშით - საფრანგეთი და ესპანეთი. მუნდიალზე ვერგასული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტი ფეხბურთელითაა მუნდიალზე წარმოჩენილი, რაღა თქმა უნდა იტალიაა: მისი საფეხბურთო ლიგებიდან 71 ფეხბურთელი მოხვდა სანაკრებო განაცხადებში. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ურუგვაი - ქვეყანა, რომლის ეროვნული გუნდიც მუნდიალზეა, თუმცა მისი კლუბებიდან სხვა ნაკრებში ირიცხება მოთამაშე, საკუთარში კი არცერთი.
განსხვავებული სიტუაციაა ახალი ზელანდიისა და კანადის ნაკრებთა შემადგენლობების კუთხითაც: ორივე ეროვნულ გუნდში კი არიან მათი კლუბების ფეხბურთელები, თუმცა ეს კლუბები - „ოკლენდი“, „ველინგტონ ფინიქსი“ და „ტორონტო“ სხვა ქვეყნების, შესაბამისად, ავსტრალიისა და შეერთებული შტატების ჩემპიონატებში გამოდიან.
ნაკრები, რომელსაც ერთი კონკრეტული უცხო ქვეყნის ჩემპიონატიდან ყავს ყველაზე მეტი ლეგიონერი, ნიდერლანდებია - „ნარინჯისფერთა“ რიგებში 15 მოთამაშეა ინგლისის პრემიერ ლიგიდან.
გამორჩეული ნაკრებია კურასაოც. მუნდიალების ისტორიაში ყველაზე პატარა ქვეყნის (როგორც ტერიტორიით, ისე მოსახლეობით) ნაკრების ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთშია დაბადებული, ერთადერთი წევრი კი, რომელიც სამშობლოში გაჩნდა, „შეფილდ იუნაიტედის“ 26 წლის ნახევარმცველი ტაჰიტ ჩონგი გახლავთ.
ყველაზე დაბალი ლიგებიდან, კერძოდ ინგლისისა და გერმანიის რანგით მე-5 დივიზიონებიდან (National League და Oberliga) სამუნდიალე განაცხადებში ორადორი სპორტსმენია. ესენი არიან: ახალ ზელანდიელი ცენტრალური მცველი ტომი სმიტი (Braintree Town) და ჰაიტელი მეკარე ჟოზუე დიუვერჟე (Cosmos Koblenz).
26-კაციან განაცხადებში ყველაზე ცოტა, თითო-თითო ლეგიონერი ყატარსა და საუდის არაბეთს ჰყავთ. მთლიანად ლეგიონერებით დაკომპლექტებული ნაკრებები კი კაბო ვერდე, კურასაო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კოტ დ’ივუარი, სენეგალი და უკვე ნახსენები ურუგვაი იქნებიან.
და ბოლოს, პლანეტის მთავარ საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობის მომლოდინე 1248 ფეხბურთელს თავიანთი კლუბებით კონტინენტურ ზონებად თუ დავყოფთ, 48 ნაკრების წევრები ასე წარმოადგენენ კონფედერაციებს:
ევროპულ კლუბებში მოთამაშე – 855 ფეხბურთელი
აზიაში მოთამაშე – 186 ფეხბურთელი
CONCACAF – 80 ფეხბურთელი
CONMEBOL – 63 ფეხბურთელი
აფრიკა – 53 ფეხბურთელი
ოკეანეთი – 8 ფეხბურთელი

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები

