-
Aa
+
ფონტის ზომა
2026 წლის მუნდიალი დასრულდა - ნიუ ჯერსიში გამართულ ფინალურ მატჩში ესპანეთმა არგენტინა 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დე ლა ფუენტეს გუნდის კაპიტანი, როდრი დასახელდა. ვერცხლის ბურთის მფლობელი ლეო მესი გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპე ბრინჯაოს ბურთს დასჯერდა. საუკეთესო მეკარის ჯილდო რეკორდსმენმა უნაი სიმონმა ჩაიბარა, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდის წოდება პაუ კუბარსს მიენიჭა. დღევანდელ ბლოგში წლევანდელი მუნდიალის საუკეთესო თერთმეტეულის ჩვენეულ ვერსიას წარმოგიდგენთ.
განლაგება: 4-2-2
მეკარე:
უნაი სიმონი - მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი კიპერი მოგერიებების სიმრავლით არ გამოირჩეოდა, ბილბაოს კიპერმა 8 მატჩში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა და მუნდიალების რეკორდი დაამყარა. ასევე ამიერიდან უნაის ეკუთვნის ვალტერ ძენგას მრავალწლიანი რეკორდი - ესპანელმა მუნდიალებზე ყველაზე მეტი წუთი ითამაშა გოლგაუშვებლად - 650.
მცველები:
პედრო პორო - მიუხედავად იმისა, რომ ტოტენჰემის ფლანგის მცველმა ჯგუფური ეტაპის მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, პორო პლეი-ოფში დე ლა ფუენტეს გუნდის ერთ-ერთ საკვანძო წევრად ჩამოყალიბდა. დაცვაში სოლიდური თამაშის გარდა ესპანელმა ორ მატჩში გაიტანა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი გოლი საფრანგეთთან ნახევარფინალში.
პაუ კუბარსი - სწორედ 19 წლის ბარსელონელი იყო დე ლა ფუენტეს თითქმის გოლგაუშვებელი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. გამორჩეული იყო პაუ ფინალურ მატჩშიც - სწორედ მან იხსნა უნაი სიმონის კარი პოტენციური გოლისგან მატჩის ბოლო წუთებზე. დაცვაში შეუფასებელი კონტრიბუციის გარდა კუბარსი ფურია როხას ტაქტიკური სქემის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა - ერთ მუნდიალზე გაკეთებული ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემების რაოდენობით, მსოფლიო თასების ისტორიაში პაუ მხოლოდ როდრის ჩამორჩება. ამ და სხვა დამსახურებების გამო ახალგაზრდა მცველი სრულიად დამსახურებულად დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.
აიმერიკ ლაპორტი - ესპანელთა გაუვალი დაცვის უმნიშვნელოვანესი წევრი და 19 წლის პაუ კუბარსის გამოცდილი მენტორი. აიმერიკ ლაპორტი მთელი ტურნირის მანძილზე შეუცდომელი იყო და დაცვითი კონტრიბუციის გარდა, ფურია როხას სარგებელი შეტევაშიც მოუტანა - სწორედ ლაპორტის ბრწყინვალე პასს მოჰყვა მიკელ ოიარსაბალის გოლი საუდის არაბეთის წინააღმდეგ. წლევანდელ მუნდიალზე ბილბაოს მცველმა 616 ზუსტი გადაცემა შეასრულა - ამ შედეგით ის მუნდიალების ისტორიაში მხოლოდ როდრისა და პაუ კუბარსს ჩამორჩება.
მარკ კუკურელია - უკვე მერამდენე დიდი ფორუმია, რაც მადრიდის რეალის ახალწვეული თითქმის შეუცდომელ ტურნირს ატარებს - სწორედ ამ კატეგორიაშია 2026 წლის მსოფლიო თასიც. კუკურელია დე ლა ფუენტეს გუნდის შეუცვლელი და ერთ-ერთი საკვანძო წევრია. ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი გამორჩეულია როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი კონტრიბუციით. ამ მხრივ გამორჩეული იყო ავსტრიასთან მატჩი, სადაც მარცხენა მცველმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ნაცევარმცველები:
ჯუდ ბელინგემი - ბრწყინვალე მუნდიალი გამოუვიდა ინგლისელთა ათიანს - 7 გოლით ბელინგემი გახდა პირველი ინგლისელი, რომელმაც გოლების ამ ნიშნულს მსოფლიო თასებსა თუ ევროპის ჩემპიონატების ერთ გათამაშებაში მიაღწია. გამორჩეული იყო ჯუდი მექსიკასთან და ნორვეგიასთან მერვედ და მეოთხედფინალურ მატჩებში - ორივე მატჩი ინგლისმა ჯუდის დუბლით მოიგო. გოლების გარდა შეუფასებელი იყო ჯუდის დაცვითი კონტრიბუცია ელ ტრის წინააღმდეგ ესტადიო ასტეკაზე გამართულ ურთულეს მატჩში.
როდრი - რთული საკლუბო სეზონის მიუხედავად, საოცარ ფორმაში შეხვდა მუნდიალს ოქროს ბურთის მფლობელი კაპიტანი. როდრი მთელი ტურნირის განმავლობაში დე ლა ფუენტეს გუნდის ხერხემალი და ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო - განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ესპანელის პერფორმანსი ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. ჩემპიონთა ლიგის სეზონისა და ევრო 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელობის შემდეგ, ჰერნანდესმა მუნდიალის MVP-ის ჯილდოც დაისაკუთრა და გახდა ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო თასი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა თასი/ლიგა და ოქროს ბურთი მოიგო - ესპანელამდე იგივე შედეგს გერდ მიულერმა, ფრანც ბეკენბაუერმა და ზინედინ ზიდანმა მიაღწიეს.
ფლანგის ნახევარმცველები:
მაიკლ ოლისე - მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი გარემარბის 20 დარტყმიდან გოლით არცერთი დასრულებულა, ოლისე ერთ მუნდიალზე გაკეთებული საგოლე გადაცემების რეკორდს დაესაკუთრა - 7 ასისტით ფრანგმა პელეს შედეგი გააუმჯობესა. ბაიერნის შემტევი დეშამის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო და ხშირად საფრანგეთის თამაში სწორედ მისი კარნახით მიდიოდა.
ლიონელ მესი - შეუდარებელი იყო 39 წლის ლეო მესი თავის ახლა უკვე ნამდვილად ბოლო მუნდიალზე. ფინალში უსახური მატჩისა და მარცხის მიუხედავად, ბევრის აზრით სწორედ არგენტინელთა კაპიტანს უნდა მიეღო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, რაც მის კარიერაში მესამე იქნებოდა. 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა - გოლი მეთექვსმეტედფინალში, გოლი და ასისტი მერვედფინალში, ასისტი მეოთხედფინალში და ორი საგოლე გადაცემა ნახევარფინალში - საოცარი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ლეომ არგენტინას პლეი-ოფშიც ულიდერა.
ფორვარდები:
მბაპე - კილიანმა 27 წლის ასაკში მესამე უმაღლესი დონის მუნდიალი ჩაატარა - 2026 წლის მსოფლიო თასი ფრანგისთვის პირველი იყო, სადაც ფინალში ასპარეზობა ვერ მოახერხა. მბაპე გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოს მოპოვება ორ სხვადასხვა მსოფლიო თასზე მოახერხა. 10 გოლითა და 4 საგოლე პასით, ფრანგმა ათიანმა სტატისტიკას გოლებშიც ულიდერა და გოლს პლუს ასისტების რაოდენობაშიც.
ჰოლანდი - ისტორიული გამოდგა ნორვეგიისთვის 2026 წლის მსოფლიო თასი - სკანდინავიელებმა რეკორდული შედეგი დააფიქსირეს და მეოთხედფინალში ითამაშეს, მეტიც, სოლბაკენის გუნდს არც ნახევარფინალამდე დააკლდა ბევრი. ერთიან კოლექტივში გამორჩეული იყო მანჩესტერ სიტის ცხრიანი, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი - ვიკინგმა მუნდიალზე 7 გოლის გატანა მოახერხა, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ჰოლანდის დუბლი ბრაზილიის კარში და სახლში გასტუმრებული ანჩელოტის შეგირდები.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

