საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის მზადება დაიწყო და მოთამაშეები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ.
გაფართოებულ შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილებაა - ლაშა ფხაკაძისა და გიორგი მელიქიძის ნაცვლად, გუნდს ექსეტერ ჩიფსის ბურჯი ნიკა აბულაძე და ტულონის მოთამაშე ბექა გიგაშვილი დაეხმარებიან.
ნოემბრის ტესტების ფარგლებში ბორჯღალოსნები თბილისში სამ შეხვედრას გამართავენ. 7 ნოემბერს ჩვენი გუნდი კანადას ავჭალის სტადიონზე დაუპირისპირდება, 14 ნოემბერს იმავე არენაზე ტონგას მიიღებს, ხოლო 21 ნოემბერს მიხეილ მესხზე აშშ-ის ნაკრებს შეხვდება. სამივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში გამართული სამხრეთამერიკული ტურნეს შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ერთა თასზე 3-დან 3 გამარჯვება აქვს და 14 ქულით ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს ლიდერობს. ანალოგიური შედეგი აქვს აშშ-ს ამერიკისა და წყნარი ოკეანის ჯგუფში. ნოემბრის მატჩების დასრულების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ტურნირის ჩემპიონებად გამოცხადდებიან.