ახალ ზელანდიელი ვეტერანი მორაგბე, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ოლ ბლექსი ჯერომი კაინო, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.
,,43 წლის სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანის გუნდს ნოემბრის ტესტებზე შეუერთდება და ასისტენტ მწვრთნელად იმუშავებს.
კაინო 2004-2018 წლებში ოკლენდისა და ბლუზის რიგებში თამაშობდა, კარიერის მიწურულს კი საფრანგეთს მიაშურა და ბოლო 3 სეზონი ტულუზაში გაატარა.
მესამეხაზელმა 2004 წელს ახალგაზრდა ოლ ბლექსთან ერთად 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და იმავე წელს მსოფლიოს საუკეთესო 21-წლამდე მოთამაშედ დასახელდა.
იმავე წელს კაინოს ოლ ბლექსში უხმეს, რომელთან ერთადაც 2-ჯერ მოიგო მსოფლიო თასი - 2011 და 2015 წლებში, 5-ჯერ კი რაგბი ჩემპიონშიფის გამარჯვებული გახდა (2008, 2010, 2014, 2016, 2017).
2011 წელს ის ახალი ზელანდიის წლის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
2019 და 2021 წლებში ჯერომი ტოპ 14-ის ჩემპიონი გახდა, 2021 წელს კი ჩემპიონთა თასსაც დაეუფლა და მოთამაშის კარიერა დაასრულა.
კაინო ტულუზაში დარჩა, სადაც ბოლო 5 წელია უნარების და 21-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად მუშაობს. ის ფრანგულ გრანდში რჩება და პარალელურად, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბსაც გააძლიერებს. - ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.