ნეტფლიქსის ისტორიულ, პირველ MMA ღონისძიებაზე (MVP MMA 1), ნეიტ დიაზისა და მაიკ პერის დაპირისპირებამ მოლოდინს გადააჭარბა.
ყოფილი UFC-ის მებრძოლების სისხლიანი ომი სულ რაღაც ორ რაუნდს გაგრძელდა, დიაზის კუთხემ ჩათვალა, რომ სპორტსმენი მძიმე მდგომარეობაში იყო და პირსახოცი ჩააგდო.
მაიკ პერიმ ბრძოლა პირველივე წუთიდან აქტიურად დაიწყო და დიასზე უდიდესი პრესინგი განახორციელა. ნეიტმა მეტოქეს ძიუდოისტური გდებით უპასუხა და პარტერში მტკივნეული ილეთითაც დაემუქრა, თუმცა პერი ფეხზე სწრაფად წამოდგა. მან დიაზს კორპუსში ძლიერი დარტყმები მიაყენა და მარჯვენა თვალის არეში ღრმა ჭრილობა გაუხსნა. მეორე რაუნდში პერიმ ტემპს კიდევ უფრო უმატა, როცა დაინახა, რომ მეტოქის სახიდან სისხლი ნიაღვარივით იღვრებოდა. რაუნდის მიწურულს, ზარის ხმამდე რამდენიმე წამით ადრე, პერიმ დიასი მუხლის უმძიმესი დარტყმით ნოკდაუნში ჩააგდო. რეფერიმ ექიმს უხმო, თუმცა ნეიტის კუთხემ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ბრძოლა შეაჩერა.
მატჩის შემდეგ მაიკ პერიმ ჯეიკ პოლთან რევანში მოითხოვა, რომელმაც ის ორი წლის წინ კრივში დაანოკაუტა. თუმცა, იქვე დათანხმდა ნეიტ დიაზის მოთხოვნას მეორე ბრძოლაზე. წაგების მიუხედავად, დიასმა ტრადიციულად სკანდალური ინტერვიუ ჩაატარა:
„მგონი, პირველ ორ წამში თითი მოვიტეხე. იმაზე დარდში ზედმეტი დრო დავკარგე, ნაცვლად იმისა, რომ ჩემ წინ მყოფ ცხოველზე ვყოფილიყავი ფოკუსირებული. მე დავბრუნდები და მის უკანალს მივხედავ... მიდი, დედამ@#$%ლო, ჩემი ორჯერ დამმარცხებელი ჯერ არავინ დაბადებულა. შემდეგ ჯერზე ის საერთოდ ვერაფერს გააკეთებს.“