ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი MLS-ის ყურადღების ცენტრში მოექცა.
The New York Times-ის ინფორმაციით, ცინცინატი ნეიმარით სერიოზულად დაინტერესდა და მხარეებს შორის პირველადი მოლაპარაკებები უკვე შედგა.
ნეიმარს მშობლიურ სანტოსთან კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე აკავშირებს. მისი მთავარი მიზანი კარლო ანჩელოტის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრაა. მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ფორვარდმა მალევე დაამტკიცა, რომ ფორმაშია. გასულ სეზონში სანტოს სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაში 11 გოლითა და 4 ასისტით დაეხმარა, მიმდინარე სეზონის პირველ 4 მატჩში კი უკვე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მთავარი დაბრკოლება: ადგილები შემადგენლობაში
მიუხედავად ცინცინატის ფინანსური შესაძლებლობებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურისა, ტრანსფერს ერთი დიდი ბარიერი აქვს: კლუბს ამჟამად არ აქვს თავისუფალი ადგილი ე.წ. „პრივილეგირებული მოთამაშისთვის“, რადგან ეს პოზიციები კევინ დენკის, მაილს რობინსონსა და ევანდერს უკავიათ.
ნეიმარი ახლახან ბრაზილიის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა, რის გამოც იმედგაცრუება არ დამალა, თუმცა პირობა დადო, რომ მუშაობას გააგრძელებს სელესაოში დასაბრუნებლად. უახლოესი თვეები აჩვენებს, გადაწყვეტს თუ არა ვარსკვლავი სან პაულოს ოჰაიოზე გაცვლას.