ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თანამდებობის დაკავების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პერსონალური ინტერვიუ ჩაწერა.
იტალიელმა სპეციალისტმა Radio Marca-სთან სელესაოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და რეალიც მიმოიხილა, რომელთანაც დღემდე განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვს.
მწვრთნელი არ მალავს, რომ მისი მთავარი გამოწვევა ბრაზილიის მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნებაა:
მეექვსე ტიტულს გულშემატკივრები უკვე დიდი ხანია ითხოვენ. ეს მხოლოდ მიზანი არ არის, ეს უდიდესი მოტივაციაა.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან უცხოელი მწვრთნელის დანიშვნას ბევრი ეჭვით უყურებდა, კარლო თავს ბედნიერად გრძნობს:
ხალხი აქ ძალიან თბილად მხვდება, დიდ პატივს მცემენ და ვუყვარვარ. ბრაზილიელები ბედნიერი, მხიარული და კეთილი ადამიანები არიან.
როგორ შეიცვალა რეალი ორ წელიწადში?
ინტერვიუს ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი მეთხუთმეტე ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რეალის ევოლუციის ანალიზს დაეთმო. ანჩელოტიმ განმარტა, რომ ციკლის ცვლილება მარტივი პროცესი არ არის: „ფეხბურთში მცირე დეტალებიც კი ცვლის გუნდურ ქიმიას. ეს მხოლოდ კროოსის მბაპეთი ჩანაცვლება არ არის“.
იტალიელის თქმით, ნაჩოს წასვლამ და კარვახალის ტრავმამ გუნდს შიდა რესტრუქტურიზაცია აიძულა: „ძველმა თაობამ ფანტასტიკური გარემო შექმნა. ახლა ახალი თაობა უნდა მოვიდეს, რომელმაც ხასიათი უნდა გამოავლინოს. ეს ერთი ხელის მოსმით არ ხდება, ამას დრო სჭირდება“.
ვინისიუსი - მისი მთავარი საყრდენი
ვინისიუს ჟუნიორზე საუბრისას, რომელიც მისი მთავარი დასაყრდენი იყო მადრიდში და ახლა ნაკრებშია, ანჩელოტიმ ფეხბურთელი მტკიცედ დაიცვა:
ვინისიუსს მნიშვნელოვანი მატჩები არასდროს ჩაუგდია. არ მახსოვს ნახევარფინალი ან მეოთხედფინალი, სადაც ვინის იმედები გაეცრუებინოს.
მან ასევე ხაზი გაუსვა შემტევის პიროვნულ თვისებებს: „ის თავმდაბალი, მხიარული და არაჩვეულებრივი ნიჭის მქონე ბიჭია. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს“.
კარლოს პროგნოზი და ხუმრობა ვალვერდეზე
ბოლოს, ნაკრების მწვრთნელმა რეალისა და მანჩესტერ სიტის მოახლოებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამეფო კლუბის გამარჯვებაში დარწმუნებულია: ''დიახ, რეალი შემდეგ ეტაპზე გავა. მათ კარგად უნდა დაიცვან თავი და ბალანსი შეინარჩუნონ. ეს იდეალური იქნება“.
მან ასევე გაამხილა, რა მისწერა ფედე ვალვერდეს პირველი მატჩის შემდეგ:
შეტყობინება გავუგზავნე და ვუთხარი: დასანანია, რომ ბრაზილიის პასპორტი არ გაქვს-მეთქი.