შანხაიში გასამართი ბრძოლის წინ, უმარ ნურმაგომედოვმა ყოფილ ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა და ქართველ მებრძოლს მწვავე სიტყვებით მიმართა. მებრძოლებს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოში, ერთ-ერთ ტურნირზე, მერაბსა და უმარის მეგობარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ღია დაპირისპირება და გამოწვევა
რუსი მებრძოლი, რომელიც UFC შანხაის მთავარ ბრძოლაში სონგ იადონგს დაუპირისპირდება, MMAFighting-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მერაბის პრეტენზიები არ აინტერესებს და მზადაა, მასთან საქმე პირისპირ გაარკვიოს.
მე ამ ყველაფერზე საერთოდ არ ვდარდობ. პატივისცემა, უპატივცემულობა არ მაინტერესებს. ის კარგი მებრძოლია, მაგრამ როგორ იქცევა, ეგ ჩემი საქმე არაა. მე მისი მასწავლებელი არ ვარ. თუ ჩემთან პრობლემა აქვს და უპატივცემულობას ვავლენ, კაცი ხარ, მებრძოლი ხარ. როცა ვიღაც ფანი შეურაცხყოფას გაყენებს, ტრიბუნებზე ხტები და საქმეს არკვევ. ჩემთანაც მოხვიდე იქნება, არავინ დაგაკავებს. შეგიძლია ჩემი ნომერი იშოვო, შევხვდეთ, ან უბრალოდ მომწერო
მეტსახელის შეცვლა
ნურმაგომედოვმა ქართველი მებრძოლის ქცევა გააკრიტიკა და მას მეტსახელის შეცვლა ურჩია:
წუწუნი და უპატივცემულობაზე ყვირილი კაცური საქციელი არ არის. მან მეტსახელი უნდა შეიცვალოს, აღარანაირი 'მანქანა'. ის 'უპატივცემულო დვალიშვილი' უნდა იყოს, რადგან გამუდმებით ამაზე ტირის
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს 2025 წელს უკვე დაუპირისპირდნენ, მათი მტრობა არ სრულდება. თუ ნურმაგომედოვი შანხაიში გამარჯვებას მოიპოვებს, ხოლო დვალიშვილი UFC 333-ზე პიოტრ იანს დაამარცხებს, ორგანიზაციამ დიდი ალბათობით, მათი რევანში უნდა დანიშნოს.