საფეხბურთო კლუბ გაგრას ახალ მთავარ მწვრთნელად სერბი ჟიელკო ლიუბენოვიჩი დაინიშნა. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა.
44 წლის სპეციალისტს სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს აქვს დაწყებული და 2023 წლის ნოემბრამდე ასისტენად მუშაობდა, შემდეგ უკრაინის უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლი მინაი ჩაიბარა, თუმცა ქვედა დივიზიონში დაქვეითებისგან ვერ იხსნა. კლუბი 2025 წლის იანვარში, არასათანადო შედეგების გამო, დატოვა. 24 ივნისიდან 10 ივლისამდე კი უკრაინის რანგით მე-2 ლიგის კლუბ ვორსკლა პოლტავას მწვრთნელი იყო - თანამდებობიდან "ოჯახური მიზეზით" 16 დღეში გადადგა.
ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გაგრაში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა და დაიწყო მზადება ოფიციალური დებიუტისთვის, რომელიც 21 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის თანალიდერ დილას წინააღმდეგ შედგება.
ლიუბენოვიჩმა გაგრას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩაანაცვლა გიორგი ონიანი, რომლის ხელმძღვანელობით კლუბს 28 მატჩში 33 ქულა ჰქონდა და პლეი-აუტის ზონას 6 ქულით უსწრებდა. გაგრამ ბოლო 4 ტურში 1 ქულა აიღო - გარეჯთან.