ბარსელონამ და დორტმუნდის ბორუსიამ თავდამსხმელ კარიმ ადეიემის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
გერმანელმა ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან 2031 წლამდე მოქმედ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2002 წლის 18 იანვარს მიუნხენში დაბადებული ადეიემი, რომლის მამა ნიგერიელია, ხოლო დედა – რუმინელი, ბარსელონას მრავალფეროვან შეტევით რესურსს მატებს.
კარიერის განმავლობაში მან დაამტკიცა, რომ შეუძლია თამაში როგორც ორივე ფლანგზე, ისე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. მისი მთავარი ძლიერი მხარეებია გამორჩეული სისწრაფე და ძლიერი მარცხენა ფეხი.
ეს თვისებები მას ჰანსი ფლიკისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ვარიანტად აქცევს. ზალცბურგში თამაშის პერიოდში, სადაც ადეიემი ფორსტენრიდის, ბაიერნისა და უნტერჰახინგის აკადემიების გავლის შემდეგ მოხვდა, სწორედ ფლიკმა მისცა მას გერმანიის ეროვნული ნაკრების ძირითად გუნდში დებიუტის შესაძლებლობა.
იმ მოვლენიდან თითქმის 5 წელი გავიდა და ახლა ფლიკი და ადეიემი სრულიად განსხვავებულ გარემოში კვლავ ერთად იმუშავებენ.
ამ პერიოდში ფეხბურთელმა 4 სეზონი დორტმუნდის ბორუსიაში გაატარა, სადაც თავი როგორც ბუნდესლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე დაიმკვიდრა.
ჩემპიონთა ლიგაზე ადეიემიმ 48 მატჩი ჩაატარა - 37 დორტმუნდის ბორუსიას და 11 ზალცბურგის მაისურით. მათგან 2 შეხვედრა გასულ სეზონში სწორედ ბარსელონას წინააღმდეგ გაიმართა.
კარიმ ადეიემი ბარსელონამ დორტმუნდის ბორუსიადან 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს 7 მილიონ ევრომდე ბონუსებს და მომავალში ფეხბურთელის შესაძლო გაყიდვიდან ბორუსიის სასარგებლოდ პროცენტის მიღების (sell-on clause) პუნქტს.