საუდის არაბეთის ალ-ჰილალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში პირველ ხმაურიან ტრანსფერს ახორციელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არაბულმა კლუბმა ვესტ ჰემის ჰოლანდიელი ფლანგელის, კრისენსიო სამერვილის ტრანსფერზე ზეპირი შეთანხმება უკვე მიაღწია. 24 წლის ფეხბურთელში საუდელები 55 მილიონ გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 65 მილიონ ევროს) გადაიხდიან, რასაც ბონუსის სახით კიდევ 10 მილიონი დაემატება.
ეს გარიგება საუდის არაბეთში სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა. ცნობილმა ადგილობრივმა ექსპერტმა, აბდულაზიზ ალ-მურაისელმა ალ-ჰილალის ხელმძღვანელობა ზედმეტი თანხის გადახდაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ვესტ ჰემი ღრმა ფინანსურ კრიზისშია - კლუბის ზარალი 100 მილიონს აჭარბებს, ხოლო სატრანსფერო დავალიანება 196 მილიონ გირვანქას შეადგენს. ექსპერტის მიჩნევით, კლუბს, რომელსაც ფეხბურთელების სასწრაფოდ გაყიდვა ჰაერივით სჭირდება, ასეთი ასტრონომიული თანხა არ უნდა გადაუხადო.
სამერვილის ტრანსფერი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ალ-ჰილალმა ბარსელონას ვარსკვლავის, რაფინიას შეძენაზე უარი თქვა. არაბული მხარე კატალონიელებს 80 მილიონს სთავაზობდა, თუმცა ჟოან ლაპორტას მიერ ფასის 100 მილიონამდე გაზრდა „ფინანსურ შანტაჟად“ შეაფასა და მოლაპარაკებები მყისიერად შეწყვიტა. შედეგად, სიმონე ინძაგის განკარგულებაში უნივერსალი ჰოლანდიელი გადადის, რომელმაც გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებშიც გამოიჩინა თავი.