ვილიარეალმა და ლაიფციგმა პეტერ გულაჩის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.
უნგრელი მეკარე „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ღირსებას მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში დაიცავს. გულაჩი ახალ გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს სამშაბათს ინიგო პერესის ხელმძღვანელობით გამართავს.
მოგვიანებით ის მედიისთვის გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე ოფიციალურად წარდგება, როგორც ვილიარეალის ახალი ფეხბურთელი.
1990 წელს, ბუდაპეშტში დაბადებული პეტერ გულაჩი გამოცდილი მეკარეა, რომელსაც კარიერის განმავლობაში ლაიფციგში, ზალცბურგში, ტრანმერ როვერსში, ჰერეფორდ იუნაიტედში, ჰალ სიტისა და ლივერპულში უთამაშია.
უნგრელი სწორედ ლაიფციგში ჩამოყალიბდა ელიტური დონის მეკარედ, სადაც 11 სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირზე 362 მატჩი ჩაატარა.
საერთაშორისო ასპარეზზე კი გულაჩიმ უნგრეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 58 შეხვედრა გამართა.
