მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანმა, ბრუნო ფერნანდეშმა, იმ საკვანძო როლზე ისაუბრა, რომელიც მისმა მეუღლემ გასულ ზაფხულს კლუბში დარჩენის გადაწყვეტილებაში ითამაშა.
31 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი საუდის არაბეთის პრო-ლიგაში გადასვლასთან იყო დაკავშირებული. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი აგენტი, მიგელ პინიო, ალ ჰილალთან 100 მილიონი ფუნტის ღირებულების ტრანსფერზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
BBC Sport-ის გადაცემაში, „უეინ რუნის შოუ“, ფერნანდემ განმარტა, თუ რატომ თქვა უარი ასტრონომიულ თანხაზე:
დავრჩი, რადგან ვფიქრობდი, რომ კლუბისთვის ჯერ კიდევ მქონდა რაღაც მისაცემი. ცხადია, საუდის არაბეთის სიტუაცია, ფული... ძალიან ბევრი იყო. ჩემს ოჯახში კარგი ის არის, რომ ჩემი ცოლი ჩემსავით რეალისტია
ბრუნომ გაიხსენა ის დიალოგი, რომელმაც მისი ყოყმანი დაასრულა:
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ არ გვინდა ვიყოთ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები. უბრალოდ გვსურს ისეთები ვიყოთ, ვინც თავის ოცნებებს მიაღწია, შვილებთან ერთად კარგად ცხოვრობს და მაქსიმალურად წარმატებულია. ჩემმა ცოლმა მითხრა: ''შენ მიაღწიე შენს ოცნებებს? მიაღწიე ყველაფერს, რაც გინდოდა?''. ამ პატარა რაღაცამ გამაგებინა, რომ ის იმავე აზრზე იყო, რაზეც მე. მოდი, გავაგრძელოთ მცდელობა და ვნახოთ, სადამდე მიმიყვანს ეს
როგორც ჩანს, ფერნანდეშმა სწორი არჩევანი გააკეთა. მიმდინარე სეზონში ის ბრწყინვალე ფორმაშია. პრემიერ ლიგაში მის ანგარიშზე 8 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა. მას მხოლოდ ორი ასისტი აკლია კევინ დე ბრუინესა და ტიერი ანრის რეკორდამდე.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, უეინ რუნიმ, ბრუნოს უთხრა, რომ ის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს იმსახურებს. პორტუგალიელმა კი აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი მისთვის დიდი პატივია:
შეგიძლია რამდენიც გინდა თქვა, რომ გუნდური ტიტულების მოგება გსურს. ეს სიმართლეა. მაგრამ ეს ინდივიდუალური აღიარებები პერსონალური კუთხით ყოველთვის სასიამოვნოა. ამ დროს ფეხბურთელები გაძლევენ ხმას. ამას სხვაგვარი გავლენა აქვს, რადგან მათ წინააღმდეგ თამაშობ. თუ ისინი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესოდ გაღიარებენ, ეს უდიდესი პრივილეგიაა