ამ უქმეებიდან ინგლისსა და უელსში ფეხბურთის მატჩზე უბილეთოდ შესვლა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება.
ახალი კანონმდებლობა ძალაში კვირას, უემბლიზე გასამართი კარაბაოს თასის ფინალის წინ შედის, სადაც ერთმანეთს არსენალი და მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდებიან.
არსენალი სიტის აფრთხილებს
აღნიშნული ცვლილება ბარონესა ლუიზ ქეისის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგია. მოხსენებაში ხაზგასმული იყო, რომ ევრო 2020-ის ფინალის დროს, როდესაც ათასობით უბილეთო ფანი უემბლიზე ძალისმიერი მეთოდებით შეიჭრა, ადამიანების სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დადგა.
ამიერიდან, სამართალდამრღვევებს 1000 ფუნტამდე ჯარიმა და ფეხბურთზე დასწრების 5-წლიანი აკრძალვა დაეკისრებათ. ლუიზ ქეისიმ მკაცრად გააკრიტიკა აქამდე არსებული სუსტი სანქციები.
მინისტრმა სარა ჯონსმა განაცხადა, რომ ეს კანონი სამართალდამცავებს დამატებით ბერკეტს აძლევს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პატივს არ სცემენ გადამხდელ გულშემატკივარს და საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს.
ახალი კანონი, სახელწოდებით „ფეხბურთის მატჩებზე უნებართვო შეღწევის აქტი“, ასევე კრძალავს ყალბი ბილეთებით, საშვებით ან აკრედიტაციებით შესვლის მცდელობას. დასჯადი იქნება სტადიონის პერსონალად ან კლუბის წევრად თავის გასაღებაც.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 ივლისს, ინგლისისა და იტალიის ნაკრებების ფინალის დროს, უემბლიზე დაახლოებით 2000 უბილეთო პირი შეიჭრა. მოხსენების თანახმად, დაფიქსირდა 20-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც სიტუაცია შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო.
მსგავსი პრობლემები შეიქმნა 2022 წელს პარიზში, ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც, სადაც რეალ მადრიდი და ლივერპული ხვდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ხელისუფლება ბრალს ლივერპულის ფანებს სდებდა, მოგვიანებით დადგინდა, რომ ორგანიზაციული ხარვეზები თავად მასპინძელ მხარეს ჰქონდა.
კარაბაოს თასის ფინალი მანჩესტერ სიტისა და არსენალს შორის კვირას, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და ეს იქნება პირველი დიდი მატჩი, სადაც ახალი კანონი სრული სიმკაცრით იმოქმედებს.