მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნოტინგემ ფორესტის ნახევარმცველი ელიოტ ანდერსონი შეიძინონ, როგორც კაზემიროს იდეალური შემცვლელი.
ბრაზილიელი საყრდენი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერს ტოვებს და მყარად ინარჩუნებს იანვარში მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და პრემიერ ლიგაში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ფერდინანდის განცხადებით, კაზემიროს წასვლა გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება მისი გამოცდილებისა და მიღწევების გამო, ამიტომ იუნაიტედს სასწრაფოდ სჭირდება პრემიერ ლიგაში უკვე გამოცდილი ფეხბურთელი. რიოს მიაჩნია, რომ ანდერსონს აქვს საჭირო ენერგია, ფიზიკური გამძლეობა და თამაშის დინამიკა, რაც მას იდეალურ კანდიდატად აქცევს, თანაც იგი სავარაუდოდ ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს მსოფლიო ჩემპიონატს.
ანდერსონის გარდა, ფერდინანდმა კლუბის თანამფლობელებს, INEOS-ის ჯგუფს, მოუწოდა, რომ აუცილებლად იბრძოლონ AZ ალკმაარის 20 წლის ნიდერლანდელი ტალანტის, კეეს სმიტის ხელში ჩასაგდებად. ყოფილი მცველი აღიარებს, რომ ახალგაზრდული ასაკისა და გამოუცდელობის გამო სმიტი პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დასაწყებად მზად არ არის, თუმცა მისი პოტენციალის ხელიდან გაშვება დიდი შეცდომა იქნება.
ნიდერლანდელი ნახევარმცველით, რომლის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევრომდეა შეფასებული, მანჩესტერ იუნაიტედის გარდა რეალი, ბარსელონა, ლივერპული და არსენალიც ინტერესდებიან.