მადრიდის რეალის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს დაახლოებით ორწელიწად-ნახევარი დასჭირდა იმისთვის, რომ ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით თავდაპირველი, ფრთხილი პოზიცია შეეცვალა და ბარსელონასთან ღია კონფრონტაციაზე გადასულიყო.
Mundo Deportivo-ს ანალიზის მიხედვით, ეს პროცესი იდეალურად ასახავს ორ ესპანურ გრანდს შორის ურთიერთობის მკვეთრ გაუარესებას.
როდესაც 2023 წლის თებერვალში მსაჯთა კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან დაკავშირებული სკანდალი ატყდა, მადრიდელები სიფრთხილეს იჩენდნენ და გამოძიების შედეგებს ელოდნენ. მეტიც, 2024 წლის ნოემბერში გამართულ ასამბლეაზე პერესი აცხადებდა, რომ რეალმა და ბარსელონამ უნდა ითანამშრომლონ და მათ შორის ზედმეტი აგრესია საჭირო არ იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
2025 წლის ბოლოს პერესმა მომხდარს ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სკანდალი უწოდა, 2026 წლის დასაწყისში სუპერლიგის პროექტის ოფიციალურად დასრულებამ კი მხარეებს შორის ხიდები საბოლოოდ ჩატეხა. 2026 წლის 21 ნოემბრის გენერალურ ასამბლეაზე რეალის პრეზიდენტმა ამ თემას უკვე 12 წუთი დაუთმო, სიტუაციას „მასშტაბური თაღლითობა“ უწოდა და პირობა დადო, რომ დამნაშავეების დასჯამდე არ გაჩერდება.
პერესმა თავისი ბრალდებების გასამყარებლად საინტერესო სტატისტიკაც მოიშველია: მისი მტკიცებით, ბოლო წლებში ბარსელონამ 862 მატჩი ითამაშა რიცხობრივი უპირატესობით, მაშინ როცა რეალი კაცნაკლული 80-ჯერ დარჩა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა VAR-ის მიერ გაუქმებულ გოლებს (42 რეალს, 19 ბარსელონას).
„ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში 7 ლა ლიგა მოვიგე, არადა 14 უნდა ყოფილიყო... ისინი ჩვენ მოგვპარეს,“ - განაცხადა რეალის პრეზიდენტმა, რითაც ნათლად დაგვანახა, რომ ნეგრეირას საქმე კლუბებს შორის დაპირისპირების მთავარ ეპიცენტრად იქცა.