ბარსელონასა და ვილიარეალის სკანდალური და დრამატული მატჩის (3:2) ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი ფერმინ ლოპესის გაძევება იყო.
მთავარი არბიტრის, ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესის ოქმის მიხედვით, 74-ე წუთზე, სათადარიგოთა სკამზე მყოფმა ფერმინმა მეოთხე მსაჯის გადაწყვეტილებები გააპროტესტა და მას სიტყვებით: „ნუ მეთამაშები“ (Don't mess with me) მიმართა. საინტერესოა, რომ ლოპესი წითელ ბარათს არც კი დალოდებია და მოედანი ისე დატოვა, რომ პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა.
ამ ფაქტმა ჰანსი ფლიკის უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია. გერმანელი სპეციალისტი მთავარ მსაჯთან ახსნა-განმარტების სათხოვნელად მივიდა, თუმცა პასუხის ნაცვლად თავადაც ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ლოპესი ერთ-ერთი იყო, ვინც მანამდე გუნდს თამაშში დაბრუნებასა და ანგარიშის გათანაბრებაში დაეხმარა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ფლიკმა არბიტრის მიმართ კრიტიკა არ დაიშურა და აღნიშნა, რომ ლამინ იამალზეც არაერთი აშკარა ჯარიმა არ დაფიქსირებულა.
„ამ მსაჯთან ყოველთვის ერთი და იგივე მეორდება,“ - განაცხადა ბარსელონას მწვრთნელმა და ერნანდეს ერნანდესთან წარსულში დაგროვილ უკმაყოფილებაზეც მიანიშნა.
მსაჯებთან დაკავშირებული სკანდალის მიუხედავად, ფლიკმა გუნდის ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს გაუსვა ხაზი. ბარსელონამ, რომელიც პირველივე 7 წუთში 0:2-ს აგებდა, მოახერხა, თამაში სრულად შემოეტრიალებინა, მეორე ტაიმში უდიდესი უპირატესობა მოეპოვებინა და ურთულეს ბრძოლაში 3 ქულა აეღო.