კამპ ნოუზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ნამდვილი საფეხბურთო თრილერი იხილა.
ჰანსი ფლიკის ბარსელონა ვილიარეალის წინააღმდეგ პირველივე 7 წუთში ტაჯონ ბიუკენენისა და ტოლუ ოლუვასეის გოლებით 2-ბურთიანი ჩამორჩენა მიიღო. სტუმრებმა კატალონიელთა მაღლა აწეული დაცვის ხაზი იდეალურად გამოიყენეს და მასპინძლები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ.
მიუხედავად შოკისმომგვრელი დასაწყისისა და იმისა, რომ პირველ ტაიმში ბურთის 70%-იან ფლობას შედეგი არ მოჰყოლია, ბარსამ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური სიმტკიცე გამოიჩინა.
ფლიკის ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ, მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი ვიხილეთ. 57-ე წუთზე ჟერარ მარტინმა პედრის ბრწყინვალე პასით სხვაობა შეამცირა, სულ რაღაც 4 წუთში კი ფერმინ ლოპესმა ლამინ იამალის ასისტით წონასწორობა აღადგინა. "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" უდიდეს წნეხს ვეღარ გაუძლო და 67-ე წუთზე პაუ ნავაროს ავტოგოლით ბარსელონამ საბოლოო გამარჯვება (3:2) გაიფორმა, სტუმრებმა კი მატჩი კაცნაკლულებმა დაასრულეს. კატალონიელებმა შეხვედრაში 30-ჯერ დაარტყეს და 3.27 მოსალოდნელი გოლის (xG) მაჩვენებელი დააფიქსირეს.
რაც შეეხება მოთამაშეთა ინდივიდუალურ შეფასებებს, გამოცემა Goal-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები (8-8 ქულით) სწორედ ქამბექის მთავარი შემოქმედები - ჟერარ მარტინი, ფერმინ ლოპესი, პედრი და ლამინ იამალი გახდნენ. დაცვის ხაზის ცუდ თამაშს (განსაკუთრებით საწყის წუთებში) ასახავს მეკარე ჟოან გარსიას (5/10) და ჟოაუ კანსელუს (6/10) დაბალი შეფასებები.
თავად ჰანსი ფლიკმა კი, რომელმაც შესვენებაზე პანიკას არ აჰყვა და გუნდის თამაში რადიკალურად გარდაქმნა, სოლიდური 7 ქულა დაიმსახურა.