მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გენერალურ ასამბლეაზე მსაჯებსა და VAR-ის სისტემაზე საუბრით ახალი სკანდალი წამოიწყო. მან ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის გადადგომა მოითხოვა და ბარსელონა ნეგრეირას საქმის გამო კვლავ გააკრიტიკა.
პერესის მიერ წარდგენილი სტატისტიკის თანახმად, ბოლო ათწლეულში კატალონიელებმა რიცხობრივ უპირატესობაში 862 წუთი ითამაშეს, მადრიდელებს კი ამ მხრივ უარყოფითი ბალანსი აქვთ. გარდა ამისა, VAR-ის დანერგვის შემდეგ რეალს 42 გოლი გაუუქმდა, ბარსელონას კი მხოლოდ 19. პერესის თქმით, მიმდინარე სეზონში მომუშავე 21 მსაჯი დაწინაურებას სწორედ ნეგრეირას უნდა უმადლოდეს.
მადრიდელთა პრეზიდენტის ამ ციფრებს კატალონიური ბანაკიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. გადაცემა El Chiringuito-ს წამყვანმა, ხოტა ხორდიმ პერესს დასცინა და განაცხადა, რომ მას ის ძველი დახმარებები მოენატრა, რითაც რეალი გამარჯვებებს იყო მიჩვეული.
VAR-ი 100 წლის წინ რომ ყოფილიყო, რეალს მხოლოდ ორი ჩემპიონთა ლიგა და რვა ლა ლიგა ექნებოდა
მას Jijantes FC-ის წამყვანი, ჟერარ რომეროც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ რეალს სირცხვილის გრძნობა უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ვიდეორეფერის გარეშე ეს 42 გაუქმებული გოლი უპრობლემოდ ჩაითვლებოდა და მადრიდელები კვლავ ისე მოიქცეოდნენ, როგორც თავად სურდათ.
ცნობისთვის, მოედანზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - რეალმა სელტას 2:1 მოუგო და 33 ქულით ცხრილში ბარსელონას გაუთანაბრდა, თუმცა კატალონიელებს თავისი მატჩი ვილიარეალთან ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ.