მსოფლიო ჩემპიონატს აშშ-ისთვის ტურისტული ბუმი უნდა მოეტანა, თუმცა ტურნირის დაწყებამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე, სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა მოლოდინს მკვეთრად ჩამორჩება.
ამერიკის სასტუმროთა ასოციაციის (AHLA) ანგარიშის მიხედვით, თითქმის ყველა მასპინძელ ქალაქში სერიოზული კრიზისია, რაც ეწინააღმდეგება ფიფას განცხადებას, თითქოს უკვე 5 მილიონზე მეტი ბილეთია გაყიდული.
ასოციაცია, რომელიც აშშ-ის სასტუმროების 80%-ზე მეტს აერთიანებს, შექმნილ სიტუაციაში ფიფას ადანაშაულებს. მათი თქმით, ფიფამ თავისთვის წინასწარ იმაზე ბევრად მეტი ნომერი დაჯავშნა, ვიდრე სჭირდებოდა, რითაც ხელოვნური მოთხოვნა და კატასტროფულად მაღალი ფასები შექმნა. მოგვიანებით ორგანიზაციამ დაჯავშნილი ადგილების დიდი ნაწილი (ზოგიერთ ქალაქში 70%-მდე) გააუქმა, რის გამოც სასტუმროები ცარიელი დარჩა.
ფიფა ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ნომრების გაუქმება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მოხდა. თუმცა, ფასები მაინც მაღალი რჩება. მაგალითად, ბოსტონში ერთი ღამის ფასი 300 დოლარს აჭარბებს, რაც გულშემატკივრების ბიუჯეტს სცდება. ბევრი უცხოელი ფანი სასტუმროების ნაცვლად ბინებს ქალაქგარეთ, Airbnb-ის მეშვეობით ქირაობს, რის გამოც Airbnb ამ მუნდიალს თავის ისტორიაში უდიდეს მოვლენად მიიჩნევს.
სასტუმროების მფლობელები იმედოვნებენ, რომ ივნისსა და ივლისში, პლეი-ოფის ეტაპის დაწყების შემდეგ, ჯავშნების რაოდენობა მოიმატებს, თუმცა წინასწარ პროგნოზირებულ მილიარდობით დოლარის მოგებას პროექტი, სავარაუდოდ, ვეღარ მოიტანს.