უეფა 2028-2029 წლების სეზონიდან სანაკრებო კალენდრის სრულად შეცვლას აპირებს.
ტრადიციული შესარჩევი ეტაპები ჩემპიონთა ლიგის მსგავსი, ეგრეთ წოდებული შვეიცარიული სისტემით ჩანაცვლდება, რაც მატჩების რაოდენობას შეამცირებს და თამაშებს უფრო მრავალფეროვანს გახდის.
ცვლილებები პირველ რიგში ერთა ლიგას შეეხება, რომელიც ევრო 2028-ის დასრულების შემდეგ განახლდება. ნაცვლად ოთხგუნდიანი მცირე ჯგუფებისა, შეიქმნება სამი დიდი ლიგა, თითოეულში 18 გუნდით. ეს დივიზიონები 6-გუნდიან ჯგუფებად დაიყოფა, სადაც ნაკრებები 6 მატჩს 5 სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ ჩაატარებენ და ტრადიციული სახლში-სტუმრად სისტემა გაუქმდება.
იგივე პრინციპი გავრცელდება მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზეც. ტრადიციული ჯგუფების ნაცვლად, გუნდები ორ დიდ დივიზიონად დაიყოფიან. პირველ ლიგაში რეიტინგის ტოპ 36 ნაკრები მოხვდება, ხოლო მეორეში დარჩენილი 18 ან 19 გუნდი. ტოპ ლიგის წევრები 6 მატჩს 6 სხვადასხვა მეტოქესთან გამართავენ, რაც გამორიცხავს ერთსა და იმავე მეტოქეებთან ხშირ შეხვედრებს.
უეფა მაინც შეინარჩუნებს პლეი-ოფის სისტემას და ლიგებს შორის გავარდნა-დაწინაურების პრინციპს. ძლიერი ლიგების საუკეთესო გუნდები ტურნირებზე პირდაპირ მოხვდებიან, ხოლო დარჩენილი საგზურები პლეი-ოფში გათამაშდება, რაც დაბალი რეიტინგის ნაკრებებს შანსს კვლავ შეუნარჩუნებს.