-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის სიაში ერთადერთი ასეთი მოთამაშეა, ისევე, როგორც 20 წლის წინ - სამუელ ეტო'ო.
ეს უნიკალური შემთხვევაა, თუმცა პრეცედენტის გარეშე არა. - წერს ფრანგული L'Equipe.
2023 წელს 30 ნომინანტიდან 7 ფეხბურთელს კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვებული ჰქონდა. მათ შორის იყო ხვიჩა კვარაცხელიაც.
ქართველთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ კარიმ ბენზემა, რომელმაც ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ტრავმის გამო მონაწილეობაზე უარი თქვა, ასევე ვიქტორ ოსიმენი, მოჰამედ სალაჰი, ნიკოლო ბარელა, მარტინ ოდეგორი და ერლინგ ჰალანდი, რომელთა ნაკრებებმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სიტისთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო, ჰალანდმა ოქროს ბურთის გამოკითხვაში მხოლოდ მე-2 ადგილი დაიკავა და ლიონელ მესის ჩამორჩა.
5 წლით ადრე, 2018 წელს, ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ 3 ფეხბურთელი იყო. 2015 წლიდან საფრანგეთის ნაკრებს მიღმა დარჩენილი ბენზემა ლურჯების მსოფლიო ჩემპიონობას შორიდან ადევნებდა თვალს, ხოლო მისმა თანაგუნდელმა მადრიდის რეალში გარეთ ბეილმა და ატლეტიკოს“ სლოვენიელმა მეკარემ იან ობლაკმა თავიანთ ნაკრებებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხეს.
2014 წელს, როდესაც France Football და FIFA პარტნიორობის რეჟიმში ატარებდნენ დაჯილდოებას, მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ბეილმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოტოვეს, ორივე შემთხვევაში მიზეზი მათი ნაკრებების კვალიფიკაციის ვერმოპოვება იყო. მაშინ ნომინანტთა სია 23 ფეხბურთელით შემოიფარგლებოდა.
4 წლით ადრე კი, FIFA-ს ოქროს ბურთის პირველი დაჯილდოებისას, 23-ვე ნომინანტს სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
იმისთვის, რომ საბოლოო რეიტინგში მხოლოდ ერთი ისეთი ფეხბურთელი ვიპოვოთ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია, 2006 წლამდე უნდა დავბრუნდეთ, როდესაც წინასწარ შერჩეულთა სია ჯერ კიდევ 50 მოთამაშისგან შედგებოდა. ეს ფეხბურთელი სამუელ ეტო'ო იყო.
კამერუნელი ერთადერთი ფეხბურთელი აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეობის გარეშე, რომელმაც ოქროს ბურთის კენჭისყრაში ხმები მიიღო.
ეტო'ოს იმ დროისთვის ფენომენალური სეზონი ჰქონდა ჩატარებული: ბარსელონასთან ერთად ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 26 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალის წინააღმდეგაც გაიტანა.
მიუხედავად ამისა, მან კამერუნის ნაკრებთან ერთად გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია ვერ მოიპოვა.
საბოლოოდ, ეტო'ომ იმ წელს ოქროს ბურთის რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა. მის წინ 5 ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს, მათ შორის მისი თანაგუნდელმა რონალდინიო, რომელიც UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
კვარაცხელიას კი ერთი ინდივიდუალური უპირატესობა აქვს, რომელიც კამერუნელ ლეგენდას არ გააჩნდა, ქართველმა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა.
ახლა გასარკვევია, დაეხმარება თუ არა ეს ხვიჩას ეტო'ოს მე-6 ადგილის გაუმჯობესებაში, თუ 20 წლის შემდეგ ისტორია კვლავ განმეორდება.
BREAKING: კვარა ოქროს ბურთზე წარადგინეს! 30 ნომინანტი გაირკვა

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები