გვადალახარაში, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქია, კვირას არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნარკობარონის, ნემესიო რუბენ ოსეგერა სერვანტესის დაკავების ოპერაცია მისი სიკვდილით დასრულდა.
ოსეგერა სერვანტესი, მეტსახელად „ელ მენჩო“, რომელიც ხალისკოს ახალი თაობის კარტელის ლიდერი იყო, მექსიკის არმიამ მოკლა, რამაც ქვეყნის მასშტაბით ძალადობრივი მოვლენები გამოიწვია.
ამის შემდეგ ხალისკოს შტატის გუბერნატორმა, პაბლო ლემუსმა, კვირის დარჩენილი დღის განმავლობაში და ორშაბათს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, პირისპირ სწავლება და მასობრივი ღონისძიებები შეაჩერა.
გარდა ამისა, Liga MX Femenil-მა კვირა საღამოს დაგეგმილი დერბი გვადალახარას ჩივასსა და კლუბ ამერიკას შორის, რომელიც ესტადიო აკრონზე უნდა გამართულიყო, გადაიდო.
ესტადიო აკრონი მიმდინარე წლის ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ ჯგუფურ მატჩს უმასპინძლებს, მათ შორის 18 ივნისს მექსიკა - სამხრეთ კორეასა და 26 ივნისს ურუგვაი - ესპანეთს შორის შეხვედრებს.

მანამდე კი იმავე სტადიონზე ახალი კალედონია, იამაიკა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. მატჩები 26-28 მარტს უნდა გაიმართოს.
პლეიოფის მეორე მხარეს მონტერეი უმასპინძლებს, სადაც ერაყი, ბოლივია და სურინამი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებენ.
გვადალახარაში გამძვინვარებულმა ძალადობამ უსაფრთხოების მიმართ სერიოზული შეშფოთება გააჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფებამდე მექსიკაში ერთ თვეზე ოდნავ მეტი დრო რჩება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი მექსიკის დედაქალაქში, ესტადიო ასტეკაზე, მასპინძელ მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის გაიმართება.
სექტემბერში ლემუსი ოპტიმისტურად იყო განწყობილი გვადალახარაში მსოფლიო ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების პროტოკოლების მიმართ. მისი თქმით, ადმინისტრაცია ქალაქში თანამედროვე ვიდეომეთვალყურეობის სისტემას დანერგავს, ხოლო ეროვნული გვარდია და მექსიკის არმიის პერსონალი ტურნირის განმავლობაში მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე აქტიურად იმოქმედებენ.