ჰანსი ფლიკი ბარსელონას გამოთიშვაზე: „მსაჯზე საუბარი არ მსურს“
მიუხედავად საპასუხო მატჩში ატლეტიკოსთან მოპოვებული გამარჯვებისა (2:1), ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას მაინც დაემშვიდობა. ჰანსი ფლიკმა მატჩის შემდეგ იმედგაცრუება ვერ დამალა, თუმცა სიმშვიდე შეინარჩუნა და მსაჯების კრიტიკას განზრახ აარიდა თავი.
გერმანელი სპეციალისტის თქმით, გუნდს ბევრი შანსი ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, თუმცა მესამე გოლის გატანის ნაცვლად, ბარსელონამ საკუთარ კარში მიიღო ბურთი, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ფერან ტორესის გაუქმებული გოლი აღმოჩნდა, რამაც თამაშის დინამიკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ნახევარფინალში გასვლას ვიმსახურებდით, მაგრამ შედეგი უნდა მივიღოთ. ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ! მათ ფანტასტიკურად ითამაშეს მაშინაც კი, როცა მოედანზე კაცნაკლულნი დავრჩით. უბრალოდ, იღბალი არ გვწყალობდა“, - განაცხადა ფლიკმა.
რაც შეეხება მსაჯის სადავო გადაწყვეტილებებს, ფლიკმა პროფესიონალური პოზიცია დაიკავა:
ამაზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან ვერაფერს შევცვლით. ფეხბურთელებისთვის მსგავსი გამოცდილება წითელი ბარათები, VAR-ის გადაწყვეტილებები და მაღალი წნეხი. განვითარების ნაწილია.
ევროპული სეზონის დასრულების შემდეგ, ბარსელონას მთელი ყურადღება ლა ლიგაზე გადააქვს, სადაც გუნდი ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია. ფლიკისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როდის გაიფორმებენ ტიტულს, თუნდაც ეს მადრიდის რეალთან დაპირისპირებაში მოხდეს.
ჩვენ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია. სეზონის ბოლოს ყველაფერს გავაანალიზებთ და ვნახავთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ევროპის მწვერვალს ისევ დავუბრუნდეთ