კოლუმბიელმა ილუსტრატორმა ედი როსასმა, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით B1ckle, SoccerBible-თან ინტერვიუში ფეხბურთისა და ხელოვნების სინთეზსა და 2000-იანი წლების დასაწყისის ნოსტალგიაზე ისაუბრა.
ილუსტრატორმა აღნიშნა, რომ მისი შემოქმედება ძირითადად 2000-იანი წლების ეპოქითაა შთაგონებული, როდესაც ფეხბურთი უფრო ავთენტური, უხეში და ნაკლებად კომერციალიზებული იყო.

მისი ნამუშევრების მთავარი ვიზუალური ელემენტები რეტრო-მაისურები, საკლუბო ემბლემები და იმ პერიოდის ლეგენდარული სპონსორების ლოგოებია (მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედის Vodafone, ლივერპულის Carlsberg, ინტერის Pirelli და მილანის Opel).

როსასის თქმით, მისი პირველი საფეხბურთო კერპი რუდ ვან ნისტელროი იყო, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედის 2003 წლის ფორმა მისთვის დღემდე ყველაზე განსაკუთრებულ მოგონებად რჩება.

ილუსტრატორი გეგმავს, რომ საკუთარ შემოქმედებაში ფეხბურთის 100-წლიანი ისტორიის, ვიდეოთამაშებისა და პოპ-კულტურის ელემენტების ასახვა მომავალშიც გააგრძელოს.