ფრანგული სპორტული პრესა და წამყვანი გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურნენ.
Maxifoot-ის შეფასებით, ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში ყველაზე სახიფათო მოთამაშე გახლდათ, რომელიც აქტიურობდა და მომენტებს ქმნიდა. მისი იდეალური ჩაწოდებით მარკინიოსმა ანგარიშის გახსნა შეძლო, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს მისმა დარტყმამ პარიზელებს 11-მეტრიანის შესრულების შანსი მოუტანა, თუმცა, შესვენების შემდეგ ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი შედარებით ნაკლებად აქტიური იყო და ლუის ენრიკემ შეცვალა კიდეც იგი.
Parisfans-ის ცნობით, ქართველს შთამბეჭდავი გარღვევები ჰქონდა, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც ჯიუტად ცდილობდა თავის გამოჩენას. Culturepsg აღნიშნავს, რომ ის ტექნიკურად საუკეთესო იყო და გადამწყვეტი პასებიც ჰქონდა, მაგრამ გუნდმა შანსები ხელდან გაუშვა. Le Parisien-ის შეფასებითაც, ენერგიით სავსე და მუდმივად აქტიური ფეხბურთელი მარცხენა ფლანგიდან შესანიშნავად რთავდა შეტევაში პარტნიორებს, ხოლო მეორე ტაიმში საჯარიმოს მისადგომებიდან შესრულებული სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია.
საპირისპირო აზრზეა Footmercato, რომლის მტკიცებით, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა ქართველმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ არ იმყოფება იმ ოპტიმალურ ფორმაში, რომელიც გასული სეზონის ბოლოს აჩვენა. გამოცემის თქმით, მას ძალიან მცირე გავლენა ჰქონდა თამაშზე, თანაგუნდელს თითქმის ვერცერთხელ აჰყვა და როდესაც ცდილობდა, პრობლემებს ვერ უქმნიდა მეტოქის დაცვას.
L’Equipe მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ის თითქოს შეუმჩნეველი იყო, როგორც კი ტემპს უმატებდა, მონაკოს დაცვას დიდ პრობლემებს უქმნიდა. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ასეთ შეხვედრებში მას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია და ძალების მომატებას ელიან.