ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში მე-2 ქართველია, ვინც ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასის ჩემპიონი გახდა, ხოლო პირველი ქართველია, ვინც ამ ტურნირზე გოლი შეაგდო.
კვარამ ფინალურ შეხვედრაში, ლიბერტადორესის თასის მოქმედ გამარჯვებულ ფლამენგოსთან, ანგარიში გახსნა, თუმცა ბრაზილიელებმა პენალტით გაათანაბრეს და 120 წუთის შემდეგ 1:1-ის ფონზე, პარიზელებმა პენალტების სერიაში 2:1 გაიმარჯვეს.
კვარაცხელიამდე, ამ ტურნირზე ერთადერთ ქართველს ჰქონდა ნათამაშები - კახა კალაძეს, რომელიც 2007 წელს იაპონურ ურავასთან 1/2 ფინალსა (1:0) და ბოკა ხუნიორსთან ფინალში (4:2) მილანის ძირითად შემადგენლობაში იყო. ბოკასთან ფინალის 77-ე წუთზე, როცა ანგარიში 4:1 იყო, მოედნიდან, პირდაპირ წითელი ბარათით, გააძევეს.
პსჟ-მ ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასი ისტორიაში პირველად მოიგო - რეკორდსმენი, 9 ჩემპიონობით, მადრიდის რეალია, მილანსა და ბაიერნს კი 4-4 ტიტული აქვთ.