მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილმა ნიუ იორკ ნიქსთან ისტორიული მატჩი ჩაატარა და NBA-ს ისტორიაშიც შევიდა.
სან ანტონიო სპურსის ქართველი მოთამაშე გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი, ვინც 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულა ჩააგდო.
VIDEO: ისტორიული მატჩი! მამუკელაშვილმა NBA-ს ყველა დროის რეკორდი მოხსნა
ამ ფაქტთან დაკავშირებით, მოდით, გავიხსენოთ საუკეთესო მატჩები, რომლებიც ქართველ კალათბურთელებს ჩაუტარებიათ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA).
NBA-ში პირველი ქართველი ვლადიმირ სტეფანია იყო, რომელმაც კარიერის საუკეთესო მატჩი 2001 წელს, მაიამი ჰიტის შემადგენლობაში შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ ჩაატარა. მის ანგარიშზე 19 ქულა, 12 მოხსნა და 7 დაფარება იყო.
მორიგი ქართველი NBA-ში ნიკოლოზ ცქიტიშვილი იყო, რომლის საუკეთესო შეხვედრაც 2003 წელს, დენვერის შემადგენლობაში ლოს ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ შედგა. მისი მონაგარი 17 ქულა და 5 მოხსნა იყო.
ზაზა ფაჩულიას ხანგრძლივ ამერიკულ კარიერაში ბევრი გამოსარჩევი მატჩი შემოუთავაზებია. ყველაზე მეტი ქულა ერთ თამაშში მან 2007 წელს, ატლანტა ჰოუქსის შემადგენლობაში მიითვალა, როცა ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ იასპარეზა - 27 ქულა და 12 მოხსნა.
მამუკელაშვილის მსგავსად ერთი მატჩით NBA-ს ისტორიაში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანიც შევიდა. 2015 წელს, მილოუკი ბაქსის ცენტრმა ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ 21 მოხსნა დააგროვა, საიდანაც 18 შეტევაში იყო. ამაზე მეტი მოხსნა შეტევაში კი ერთ მატჩში NBA-ს ისტორიაში არავის დაუფიქსირებია.
თორნიკე შენგელიამ ხანმოკლე ამერიკულ კარიერაში საუკეთესო თამაში ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ აჩვენა, როცა ბრუკლინში ასპარეზობდა. მან ორმაგი დუბლი მიითვალა - 11 ქულა და 11 მოხსნა.
გოგა ბითაძემ NBA-ს კარიერაში ყველაზე მეტი ქულა ერთ შეხვედრაში 2022 წელს მიითვალა ინდიანა პეისერსისა და ჰიუსტონ როკეტსის მატჩში - 23 ქულა და 9 მოხსნა.
მოხსნების მხრივ გამორჩეული მატჩი კი გოგას გასული წლის ბოლოს ჰქონდა, როცა ორლანდო მეჯიქის ცეტნრმა ფინიქს სანსის წინააღმდეგ 21 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.
მამუკელაშვილის ისტორიულ მატჩამდე ქართული რეკორდი ერთ მატჩში ჩაგდებული ქულებით სწორედ სანდროს ეკუთვნოდა. 2022 წელს მილოუკი ბაქსის შემადგენლობაში ქართველმა კლივლენდ კავალიერსს 28 ქულა ჩაუგდო.
ნიუ იორკ ნიქსთან ბრწყინვალე თამაშით კი მამუ არამარტო ქართული კალათბურთის, არამედ NBA-ს ისტორიაშიც შევიდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები