13 აგვ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტოპ ჩემპიონატების 2025-26 წლების სეზონის გათამაშება გამორჩეულად საინტერესო იქნება ქართველი გულშემატკივრებისთვისაც, რადგან დღევანდელი მონაცემებით ტოპ 5 ლიგიდან ოთხში მინიმუმ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
პრემიერ ლიგის ახალ სეზონს ჩემპიონი ლივერპული ენფილდზე ბორნმუთთან მატჩით ხსნის (15 აგვისტო, 23:00). მოგეხსენებათ, მერსისაიდელთა ახალი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომელმაც პრე-სეზონის მატჩებში უკვე დაიცვა წითლების კარი. რამდენიმე დღის წინ კი ქომუნითი შილდის მატჩში კრისტალ პალასთან ქართველი მეკარე სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა, სასტარტო შემადგენლობაში კი ალისონ ბეკერი იყო. ლივერპული პალასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
ჯერ-ჯერობით არ ვიცით, რა პრინციპით იხელმძღვანელებს არნე სლოტი ამ სეზონში მეკარეებთან მიმართებით და როგორ გაანაწილებს დროს ბრაზილიელსა და ქართველს შორის, თუმცა ლივერპული სუბიექტური ინტერესების გარდაც საინტერესო გუნდი იქნება, რადგან მერსისაიდელებს სუპერ სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდათ და ჯერ კიდევ არ დაუსრულებიათ ამ მხრივ საქმიანობა.
"მამარდაშვილს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება" - ლივერპულის ყოფილი მეკარე
გუნდმა უკვე დაიმატა გიორგი მამარდაშვილი, მილოშ კერკეზი, ჯერემი ფრიმპონგი, ფლორიან ვირცი და უგო ეკიტიკე, მორიგი სამიზნეები კი ალექსანდერ ისაკი, მარკ გეჰი და ჯოვანი ლეონი არიან.
უცნობია, რა ბედი ეწევა ვახტანგ სალიას, რომელიც 18 წლის 30 აგვისტოს ხდება და სწორედ ამის შემდეგ შეუერთდება ნიუკასლს.
დღევანდელი მონაცემებით ამ სეზონში ყველაზე მეტი ქართველი საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს.
გასული სეზონის ტრიუმფატორი პსჟ შეეცდება, რომ წარმატებული სვლა გააგრძელოს. პარიზელები შიდა ჩემპიონატის აშკარა ფავორიტები არიან და რთულად წარმოსადგენია, რომ მათ ვინმემ კონკურენცია გაუწიოს, თუმცა სიურპრიზებიც არ უნდა გამოვრიცხოთ.
ლუის ენრიკეს გუნდის აქცენტი შიდა ასპარეზის გარდა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვაზეც იქნება, ხვიჩა კვარაცხელია და კომპანია ახალ სეზონშიც დიდი ძალა იქნება და ევროპული გრანდები კვლავ უნდა უფრთხილდნენ მათ. უეფას სუპერ თასზე ტოტენჰემთან დაპირისპირების შემდეგ პსჟ ლიგა 1-ის სეზონს ნანტთან გასვლითი მატჩით იწუებს (17 აგვისტო, 22:45).
რომ არა გადაწყვეტილების გასაჩივრება და შემდეგ მისი დაკმაყოფილება, ლიგა 1-ის ახალ სეზონში ვერ ვიხილავდით ლიონის ოლიმპიკს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, თუმცა საბოლოოდ გუნდი დაქვეითებას გადაურჩა.
ლიონი დატოვა გუნდის კაპიტანმა და ლეგენდამ, ალექსანდრ ლაკაზეტმა, რაც კარგი ამბავია გიორგი მიქაუტაძისთვის, რომელიც ახალ სეზონში ოლიმპიკის მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება. გასულ სეზონში ქართველმა თავდამსხმელმა კონკურენციის პირობებში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლიონი ლიგა 1-თან ევროპა ლიგაზეც იასპარეზებს და შეეცდება წარმატებას ევროასპარეზცეც მიაღწიოს. წინა გათამაშებას ფრანგები პლეიოფში მანჩესტერ იუნაიტედთან დრამატული მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ. ლიონი ლიგა 1-ის სეზონს ლანსთან გასვლითი მატჩით იწყებს (16 აგვისტო, 19:00)
საფრანგეთის ჩემპიონატის ქართულ ლეგიონს ახალი სახეები შეემატნენ - ლიგა 1-ში ახლად გადმოსულმა მეცმა, სადაც გიორგი მიქაუტაძეც თამაშობდა, ორი ქართველი დაიმატა. მეცის ფლანგებზე ქართველ შემტევებს, გიორგი წიტაიშვილსა და გიორგი აბუაშვილს ვიხილავთ, რომლებიც ფრანგულ კლუბს ერთწლიანი იჯარის წესით შეუერთდნენ.
მეცის სავარაუდო მიზანი ამ სეზონში უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება, რომელსაც გუნდი ქართველი ვინგერების დახმარებით შეეცდება. მეცი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში სტრასბურგს უმასპინძლებს (17 აგვისტო, 19:15).
ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც ლიგა 1-ის გასულ სეზონში 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, ამ დრომდე დაქვეითებულ სენტ-ეტიენში რჩება და ჯერ-ჯერობით უცნობია მოხერხდება თუ არა მისი მწვანეებიდან წასვლა სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე.
ამ წუთის მონაცემებით ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონში ორი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს - ბუდუ ზივზივაძე და გიორგი გოჩოლეიშვილი.
ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი, რომელმაც გასულ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშა, ბუნდესლიგიდან გავარდნას ერვერსბერგთან საპლეიოფო დაპირისპირებაში გადაურჩა. ქართველი თავდამსხმელი, რომელიც ახალ გუნდს ზამთარში შეუერთდა, ბუნდესლიგაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ისიც სათქმელია, რომ ბუდუს ხელი ტრავმამაც შეუშალა. ახალ სეზონში კი ზივზივაძე ბუნდესლიგის გუნდებს ახალი ძალებით შეუტევს.
ჰაიდენჰაიმი პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ვოლფსბურგს მიიღებს (23 აგვისტო, 17:30)
გერმანიის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულმა ჰამბურგმა ერთწლიანი იჯარის წესით დონეცკის შახტარიდან გიორგი გოჩოლეიშვილი დაიმატა. ქართველი მარჯვენა მცველის არაოფიციალური დებიუტი ახალ გუნდში უკვე შედგა, მის ოფიციალურ დებიუტს კი ბუნდესლიგის პირველ ტურში გლადბახთან უნდა ველოდოთ (24 აგვისტო, 19:30)
ჰაიდენჰაიმისა და ჰამბურგის პროგრამა მინიმუმი ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას კი სეზონის მიმდინარეობა გამოაჩენს.
ჯერ-ჯერობით იტალიის სერია ა-ს ახალი სეზონში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს საბა გოგლიჩიძის სახით.
ქართველმა მცველმა ემპოლი, რომელიც სერია ბ-ში დაქვეითდა, დატოვა და უდინეზეს შეუერთდა. უდინურმა გუნდმა სერია ა-ს გასულ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავა. გოგლიჩიძის დებიუტი უკვე შედგა ბრემენის ვერდერთან ამხანაგურ მატჩში. სერია ა-ს პირველ ტურში კი უდინეზე ვერონას უმასპინძლებს (25 აგვისტო, 20:30).
სერია ა-ს დაწყებამდე ქართველის ახალი გუნდი კოპა იტალიაზე დაიწყებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე კარარეზე იქნება (18 აგვისტო, 22:45).
უდინეზეს ახალ სეზონში კვლავ ცხრილის შუაში უნდა ველოდოთ. რაც მთავარია, ახალ გუნდში საბა გოგლიჩიძეს სტაბილური დრო უნდა მიეცეს, რაც საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველისთვის და თავად ეროვნული გუნდისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გადამწყვეტი მატჩები ელის.
ევროპის ტოპ 5 ლიგიდან ერთადერთი ჩემპიონატი, სადაც ახალი სეზონის წინ ქართველი ფეხბურთელი არ არის, ესპანეთის ლა ლიგაა, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ეს მოცემულობა შეიცვლება.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები