ჟალგირის ვილნიუსთან მარცხის შემდეგ, თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი თემა გიორგი ლორიას შეეხებოდა.
"გიორგი ლორია დინამო თბილისის, საქართველოს ნაკრებისა და მთლიანად ქართული ფეხბურთის ბრწყინვალე წარსულია, ჩვენ კი მომავლისკენ უნდა გავიხედოთ. შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ, ძალიან კარგი ბიჭები იზრდებიან.
მე არავის ვაკრიტიკებ, უბრალოდ, მინდა, რომ წინ გავიხედოთ. სამწუხაროდ, გიორგი ლორია მომავალი არ არის. მეც ვთამაშობდი ფეხბურთს და დავასრულე კარიერა, ამაში განსაკუთრებული რა არის?!
მას ვუთხარი, რომ პირველ მეკარედ აღარ განიხილებოდა და შეეძლო წასულიყო კლუბის ხელმძღვანელობასთან და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდნენ, მის გარშემო მოცემულობა ისე იქნებოდა.
მან თავისი გასაკეთებელი ჩვეულებრივზე უკეთესად გააკეთა, თუმცა ახლა 40 წლისაა და როცა ამ ასაკში ხარ, ან გუნდის ლიდერი უნდა იყო, ან მესამე-მეოთხე მეკარედ განიხილებოდე. მისი თამაშით კმაყოფილი არ ვარ, თუმცა არც ბევრი სხვა ფეხბურთელით ვარ კმაყოფილი. მას მხოლოდ ის ვუთხარი, რომ პირველი მეკარე აღარ იქნებოდა, დანარჩენი კი მისი გადასაწყვეტია, როგორ და რას მოილაპარაკებს ხელმძღვანელობასთან და დარჩება თუ არა კლუბში.
გინდოდათ რომ ეშმაკურად მოვქცეულიყავი?! ხომ იცით, რომ არ ვარ ასეთი და ყოველთვის მინდა, კაცს სიმართლე პირდაპირ, ყოველგვარი გვერდიდან შემოვლის გარეშე ვუთხრა", - აღნიშნა დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ქეცბაიასა და ლორიას შორის დაძაბული საუბარი შედგა და ვეტერანი მეკარის კლუბში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. ლორია ქეცბაიას ხელმძღვანელობით 2009-14 წლებში - საქართველოს ნაკრებში, ხოლო 2019-22 წლებში კვიპროსულ ანორთოსისში თამაშობდა.
"ამ ხალხს ფეხბურთის განადგურება უნდა" - ქეცბაიამ დამნაშავეები დაასახელა