რეალის ყოფილმა სკაუტმა ვინისიუს ჟუნიორს უგვანო უწოდა: „დავიღალე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდებულ მაისურში გამოწყობილი უტვინო მოთამაშეებით“
მადრიდის რეალის ყოფილმა სკაუტმა, მანოლო რომერომ, ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ, ვინისიუს ჟუნიორის მისამართით გამანადგურებელი კრიტიკა არ დაიშურა. ვეტერანმა სპეციალისტმა ეჭვქვეშ დააყენა ბრაზილიელის საფეხბურთო ინტელექტი და მისი რეალიზაციის უნარი.
კრიტიკა ინტელექტისა და დისციპლინის ნაკლებობის გამო
რომერომ Cadena SER-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვინისიუსის დაუდევრობამ და მომენტების გაფლანგვამ გუნდი მნიშვნელოვნად დააზარალა. მას მიაჩნია, რომ ფეხბურთელს ტაქტიკური სიმწიფე აკლია, რაც რეალის დონის კლუბისთვის მიუღებელია.
„რამდენი გადაცემა უნდა დავხარჯო იმაზე საუბარში, რომ მათ დაგვირგვინებაზე და აზროვნებაზე უნდა იმუშაონ? ვხედავ, რომ მისი [ვინისიუსის] ტვინი არ მუშაობს. რეალობა ისაა, რომ პირველ რიგში ისეთი ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ, რომლებსაც აზროვნება შეუძლიათ. დავიღალე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდებულ მაისურში გამოწყობილი უტვინო მოთამაშეებით“, - განაცხადა რომერომ.
„მაინტერესებს მათი ნიშნები სკოლაში“
სკაუტმა ირონიულად აღნიშნა, რომ ფეხბურთელების აკადემიური მოსწრება მათ მოედანზე ქცევასთან პირდაპირ კავშირშია. მან ვინისიუსის დამოკიდებულება კლუბის ლეგენდას, უგო სანჩესს შეადარა.
„მინდა ვნახო ამ შემადგენლობის სასკოლო ნიშნები.. მაინტერესებს, რა ჰყავდა ვინისიუსს ისტორიასა და გეოგრაფიაში, ან კამავინგას მათემატიკაში. მას [ვინისიუსს] არ ჰყოფნის თავმდაბლობა აღიაროს, რომ დაგვირგვინებაში ძალიან სუსტია. როცა მე დავქორწინდი და თაფლობის თვეში რეალის ვარჯიშზე მივედი, უგო სანჩესი საათობით მარტო ვარჯიშობდა დარტყმებზე. ვინისიუსი კი, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ამას არ აკეთებს“.
მანოლო რომეროს აზრით, რეალის ამჟამინდელი თავდასხმა ძალიან შორს არის ბეილის, ბენზემასა და რონალდუს ლეგენდარული ტრიოსგან. ევროპული კრახის შემდეგ, მადრიდელებმა მთელი ყურადღება ლა ლიგაზე უნდა გადაიტანონ, სადაც ბარსელონას 9 ქულით ჩამორჩებიან.