თემურ ქეცბაიამ, დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის რანგში, პირველი პრესკონფერენცია გამართა.
"დინამო თბილისი ჩვენს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, ევროპული თასი აქვს მოგებული და ეს ბევრ ევროპულ კლუბს ნამდვილად არ გაუკეთებია. უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ჩვენი მიზანია, გუნდს დავუბრუნოთ ის დიდება და ადგილი, რაც მას ეკუთვნის. ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება, გრძელვადიანი პროცესია და ამიტომაც 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ.
ჩვენი მოლაპარაკებები დღეს არ დაწყებულა.. პირველად კვიპროსზე შევხვდით მაშინ, როცა დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდი, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მატჩისთვის, აეკ ლარნაკასთან სათამაშოდ იყო ჩამოსული. რომან ფიფიას შევხვდი, მაისური მაჩუქა იმის აღსანიშნავად, რომ დინამო თბილისი 100 წლის გახდა. გვქონდა ლაპარაკი, თუმცა მაშინ არ იყო მზადყოფნა, რომ ჩვენი თანამშრომლობა დაწყებულიყო.. ბოლო კვირებში კი მეტად პოზიტიური საუბარი გვქონდა და მივაღწიეთ შეთანხმებას იმაზე, რომ სათანადო პროექტზე ჩამოვყალიბებულიყავით და ყველას ჩვენი როლი გვქონოდა.
როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველას ეგონა, რომ ქართული ფეხბურთი ერთ-ერთი წარმატებული იქნებოდა, თუმცა უკვე 30-35 წელი გავიდა და ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაში მხოლოდ ერთხელ შევძელით. სამწუხაროა, რომ ნაკრების 25-კაციან შემადგენლობაში ჩვენი ჩემპიონატიდან ფაქტობრივად არავინ არის.
დინამოში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და კარგი იქნება, თუკი მათ მიეცემათ განვითარების საშუალება და ისეთ გუნდებში წასვლა, როგორებიც მათი შემდგომი პროგრესისთვის უკეთესი იქნება.
როცა დინამოში პირველად მოვედი, სრულიად სხვა რეალობა იყო. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და დინამო თბილისი ყველა ბავშვისთვის დიდი ოცნება იყო. მაშინ აქ თამაში დღევანდელ ნაკრებში მოხვედრას ნიშნავდა. მაშინ 19 წლის ბიჭი ვიყავი და ავისრულე ჩემი ნატვრა, რომ არა მხოლოდ აქ მოვხვდი, არამედ ჩემი კვალი დავტოვე, რაც ჩემს შემდგომ კარიერაშიც დამეხმარა.
ყველანაირად გვინდა ვეცადოთ, გუნდი ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. რომან ფიფიასგან მაქვს მიღებული პირობა, რომ ჩვენს პრიორიტეტებს მაქსიმალურად ხელს შეუწყობს და მხარს დაუჭერს", - განაცხადა ქეცბაიამ.
თემურ ქეცბაიამ დინამო თბილისთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა. მან პოსტზე ვლადიმერ კაკაშვილი შეცვალა და გუნდი უკვე 2-ჯერ ავარჯიშა. კაკაშვილი დინამოს 2024 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
კაკაშვილი ოფიციალურად წავიდა - დინამო ახალ მწვრთნელს ხვალ წარადგენს