UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის პირველ მატჩში, დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდმა დინამო მინსკი, ნომინალური სტუმრის რანგში, 2:0 დაამარცხა.
საპასუხო შეხვედრის წინ, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, დავით გელაშვილმა კომენტარი კლუბის პრესსამსახურთან გააკეთა:
"პირველ თამაშში უპირატესობა გვქონდა და ეს ანგარიშზეც აისახა, თუმცა დამთავრებული არაფერია და ყველაფერი მეორე შეხვედრაში გაირკვევა. თამაში 0:0-დან იწყება და მოედანზე მოსაგებად გავალთ.
რთულ მატჩს ველოდებით, მეტოქე აგრესიული გუნდია და გადამწყვეტ თამაშში კიდევ უფრო მეტად აგრესიულები იქნებიან. 5 დღის წინ ვნახეთ, რამდენად კარგად არიან ფიზიკურად მომზადებული. წინა ეტაპებზე გამოავლინეს ხასიათი, რომლის დახმარებითაც ლუდოგორეცს წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ ორრაუნდიანი ბრძოლა მოუტრიალეს.
მეორე მხრივ, ვიტყოდი, რომ თუკი ჩვენ 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნებას შევძლებთ, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.
ფეხბურთში გულშემატკივარი ყველაზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა დინამო არენაზე ვთამაშობთ, ეს ჩვენთვის დიდი ძალაა. მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა გელაშვილმა.
პირველი შემთხვევაა, როცა ქართული კლუბი ამ ტურნირის საკვალიფიკაციოს ფინალამდე გავიდა, მთავარ ეტაპზე გასვლა კი კიდევ ერთი დიდი ისტორიული ფურცელი იქნება.
დინამო თბილისისა და დინამო მინსკის შეხვედრა 17:00 საათიდან დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს SILK უნივერსალზე ვიხილავთ. მატჩზე დასასწრები ბილეთები ვებგვერდ abaula-ზე იყიდება - ფასი 5 ლარია.