საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
"ესტონეთთან მატჩის დროს გამოვლენილი გულის არითმიის გამო, თოკოს მოუწია ესპანეთში გამგზავრება გამოკვლევების ჩასატარებლად. ყველა საჭირო კვლევის ჩატარებისა და 10-დღიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის შემდეგ, საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, ხვალიდან ჩვენი კაპიტანი ეტაპობრივად დაიწყებს პროგრესულ ვარჯიშს და ოფიციალურად კვლავ შეუერთდება გუნდს ლიმასოლში." - წერია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთში განაგრძობს და ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან 19-21 აგვისტოს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, შემდეგ კი კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის C ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან. ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი მერვედფინალში გავა და პლეი ოფის სათამაშოდ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გადაინაცვლებს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალენდარი