ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, კაფუმ, განაცხადა, რომ სელესაომ მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ტიტულის მოპოვების შანსი თავადვე შეიმცირა, რადგან ათ წელზე მეტია, მთელი პასუხისმგებლობა უსამართლოდ მხოლოდ ნეიმარს დააკისრა.
მისი თქმით, სწორედ ვარსკვლავური მხარდაჭერის ნაკლებობაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანა მუნდიალს 24 წელია ვერ იგებს.
კაფუმ, რომელიც 2002 წელს ბოლო ბრაზილიელი კაპიტანი იყო, ვინც მსოფლიო თასი ასწია, აღნიშნა, რომ ეს პრობლემა რობერტო კარლოსთან ერთადაც განიხილა:
რობერტო კარლოსს ველაპარაკებოდი და ვუთხარი: რა დასანანია, რომ ეს ბიჭი სრულიად მარტოა. მან 15 წელი გაატარა იმის ვალდებულებით, რომ ყველაფერი თავად გაეკეთებინა, მარტო ბრძოლას კი აზრი არ აქვს. როდესაც ეროვნულ ნაკრებზე ვსაუბრობთ, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს. 2002 წელს ჩვენ ერთხელაც არ გაგვიმეორებია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ხან რონალდო ბრწყინავდა, ხან რივალდო და ხან რონალდინიო. ნეიმარს ჩვენნაირი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, ყოველ შეხვედრაში სასწაულის ჩადენა არ დასჭირდებოდა
2026 წლის ჩრდილოეთ ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, კაფუმ დაასახელა ის ორი ფეხბურთელი, ვინც ნეიმარის ფაქტორის მიუხედავად, გუნდის ნამდვილი ლიდერი უნდა გახდეს:
კაზემიროსა და მარკინიოსს ვხედავ ნაკრების ნამდვილ ლიდერებად. მათი პოზიციონირება მოედანზე, მსაჯებთან და ფეხბურთელებთან საუბრის მანერა სამაგალითოა. ჩემთვის დღეს ეს ორი მოთამაშე ბრაზილიის ნაკრების მთავარი საყრდენია
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მუნდიალზე კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით გაემგზავრება, სადაც C ჯგუფში მაროკოსთან, ჰაიტისთან და შოტლანდიასთან ერთად იასპარეზებს. ტურნირის დაწყებამდე ვინისიუს ჟუნიორი და კომპანია ამხანაგურ შეხვედრებს პანამისა და ეგვიპტის წინააღმდეგ გამართავენ.