ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ნახევარმცველის, ფერმინ ლოპესის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ოცნება საბოლოოდ დაიმსხვრა.
კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 23 წლის ფეხბურთელს ტერფის მოტეხილობის გამო სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის დე ლა ფუენტეს, მუნდიალის განაცხადის დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე უდიდესი თავსატეხი გაუჩნდა.
ფერმინმა მძიმე დაზიანება ლა ლიგის ბოლო ტურში, რეალ ბეტისთან მოგებულ (3:1) მატჩში მიიღო, რის გამოც მოედანი პირველივე ტაიმის შემდეგ დატოვა. სამედიცინო შემოწმებამ ყველაზე ცუდი პროგნოზი დაადასტურა. ბარსელონას ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:
„პირველი გუნდის ფეხბურთელმა, ფერმინ ლოპესმა, ბეტისთან მატჩის დროს მარჯვენა ფეხის მეხუთე მეტატარსალური (ნავისებრი) ძვლის მოტეხილობა მიიღო. ფეხბურთელს უახლოეს ხანში ოპერაცია ჩაუტარდება.“
მსგავსი ტიპის ტრავმის მკურნალობა და რეაბილიტაცია მინიმუმ 6-დან 8 კვირამდე პერიოდს მოითხოვს. ვინაიდან ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ მატჩს 15 ივნისს, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ მართავს, მათემატიკურად ფერმინის გამოჯანმრთელება და ფორმაში შესვლა გამორიცხულია.
ეს დანაკარგი უდიდესი დარტყმაა ფურია როხასთვის, რომელიც ფერმინ ლოპესს ნახევარდაცვიდან შეტევების გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ იარაღად განიხილავდა. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ესპანელებს ლამინ იამალის ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის საწყის მატჩებში მისი იმედიც არ აქვთ. ფერმინი, რა თქმა უნდა, გამოტოვებს ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრასაც ვალენსიას წინააღმდეგ, კლუბი კი ყველაფერს გააკეთებს, რათა მან მომავალი სეზონის წინასასეზონო სამზადისი სრულფასოვნად დაიწყოს.
რამდენ მატჩს გამოტოვებს იამალი მსოფლიო ჩემპიონატზე?